სოფელ-სოფელ – გამრჯე ქალების ამბავი

2391

ავტორი: ანა მარგველაშვილი  სათემო განვითარების ცენტრი

მართალია, ჩვენი რუბრიკა, სათაურით „სოფელ-სოფელ“, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სოფლების, იქ მცხოვრები საინტერესო ადამიანებისა თუ ჯგუფების, ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ აპირებს, უამბოს მკითხველს, მაგრამ ვერც პატარა ქალაქებსა და დაბებს ავუვლით გვერდს; ამიტომ ხანდახან, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ არა კონკრეტულ სოფელზე, არამედ ამა თუ იმ მხარეში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საინტერესო პროცესებზეც მოგითხროთ…

ამ ახალი რუბრიკის მთავარი ფოკუსი კი რეგიონები და იქაური ამბებია  –  თანამედროვეც, ძველიც, ან ისეთი, ჯერ მხოლოდ ერთი-ორი ადამიანის წარმოსახვასა და ფიქრებში რომ არსებობს – იდეისა და ოცნების სახით.

ასეთი წარმოსახვა და იდეა იყო თავის დროზე მეწამე ქალთა კლუბიც, რომლის მორიგ ონლაინ-სამუშაო შეხვედრასაც რამდენიმე დღის წინათ დავესწარი. ინფორმაციას დაგეგმილი ვებინარების ციკლის შესახებ ჩემი დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია – „მედია-ცენტრი კახეთი“ მაწვდის. მეგობრობის და თანამშრომლობის გარდა, მედია-ცენტრთან მეზობლობაც მაკავშირებს, რადგან სათემო განვითარების ცენტრის სამუშაო სივრცეც მალე თელავის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მაწანწარაზე, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაიდებს ბინას, სწორედ მედია-ცენტრის ოფისის მახლობლად. თუმცა, ამ და სხვა სიახლეებზე სხვა დროს იყოს.

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებია, „მედია-ცენტრი კახეთი“ ერთ ჩემთვის ძალიან საინტერესო ინიციატივას შეეჭიდა: ცდილობს, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მცირე და საშუალო  ბიზნესში ჩართული მეწარმე ქალების ქსელი შექმნას. მეწარმე ქალებს, თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების ინტერესის გარდა, საერთო გამოწვევები და პრობლემებიც აერთიანებთ და ცდილობენ, მათი მოგვარების გზებიც ერთად ეძიონ.

ამჟამად მეწარმე ქალთა კლუბი 70-მდე წევრს აერთიანებს. ესენი არიან: მეღვინეები, მეფუტკრეები, სოფლის მეურნეობაში თუ სუვენირების წარმოებაში ჩართული ქალები, საპნის მწარმოებელი, საოჯახო სასტუმროს მფლობელები და სხვა. მეწარმე ქალები ცდილობენ, შექმნან ქალაქში მუდმივმოქმედი საბაზრო-საფესტივალო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქტის გამოტანა-გაყიდვა, მყიდველთან  უშუალო კავშირი  და ქალაქის აგრო-ტურისტული ცხოვრების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

რეგულარული შეხვედრები, მეწარმე ქალთა საჭიროებებისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების ანალიზი, გამოსავლის გზების ძიება – კლუბის წევრთა სამუშაო ფორმატის ნაწილია. თვით და ურთიერთდახმარების ამ საინტერესო ინიციატივას მხარს საერთაშორისო ორგანიზაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უჭერს.

ახლა კი, COVID19-ის პანდემიის პირობებში დაწყებული სამუშაო პროცესი რომ არ შეჩერებულიყო, ისევ მედია-ცენტრის ინიციტივით, მეწარმე ქალთა კლუბი ურთიერთობის ახალ ფორმატზე – ონლაინ შეხვედრებზე გადავიდა.

ვებინარი მეწარმე ქალების დიდი ნაწილისათვის ახალი რეალობაა; ისინი თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ერთვებიან, ინტერნეტსაც სხვადასხვა ხარისხი აქვს… სანამ მონაწილეები ახალ ტექნოლოგიებს ბოლომდე ავითვისებთ, შეხვედრას თან მამლის ყივილი და ჩიტების ჭიკჭიკიც გასდევს ფონად, რაც გარემოს უფრო არაფორმალურს და მყუდროს ქმნის. ახალი ტექნოლოგიები კი (ამ კონკრეტულ შეთხვევაში, პროგრამა ზუმის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ა.შ.), შეიძლება ითქვას, მცირედია იმ პრობლემათა შორის, რომელიც პანდემიის გამო რეგიონებში თვითდასაქმებულ მეწარმე ქალებს შეექმნათ.

ვებინარზე დამსწრე ქალები, ძირითადად, საოჯახო ბიზნესში არიან ჩართულები. ისინი შვილებთან, ქმრებთან, ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცდილობენ, გამართონ და ფეხზე დააყენონ შინამეურნეობა, ამით საკუთარი ოჯახური მდგომარეობაც გააუმჯობესონ და სოფლისა თუ ზოგადად, მხარის განვითარებაშიც შეიტანონ წვლილი.

პანდემიამ მართლაც განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა ქალების წლობით ნაშენებ და  დიდი ჯაფის შედეგად აწყობილ საქმეზე. ზოგს ჩურჩხელა დარჩა გაუყიდავი, ზოგს  ღვინისა და თაფლის მაღაზიის დაკეტვა მოუწია, ხელნაკეთი საპნის გაყიდვაც შემცირდა მაღაზიებში, საოჯახო სასტუმროსა და მცირე ღვინის მარნების მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… წლობის შრომა მეთქი, – ვწერ, იმიტომ, რომ ამ მართლა მუხლჩაუხრელად მშრომელი ქალების დიდ ნაწილს წლებია, ვიცნობ და შესაბამისად, წლებია, მათი საქმიანობის გულშემატკივარი ვარ. ვიცი, როგორ პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეს საკუთარი მცირე ბიზნესი. ხელობაც ისწავლეს, არაფორმალური განათლების არაერთ პროგრამაში ჩაერთვნენ, არც საინფორმაციო შეხვედრებზე სიარული და არც ახალი საქმის შესწავლა დაიზარეს (აქ აუცილებლად უნდა ვუთხრათ მადლობა იმ საერთაშორისო და ადგილობრივ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს და პროგრამებს, რომლებიც სწორედ რეგიონებში მცხოვრები ქალების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის მუშაობენ).

ახლა კი, თელავის მუნიციპალიტეტსა და მთელ საქართველოში მცხოვრებ მეწარმე ქალებს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან სხვადასხვა გზით უწევთ დაპირისპირება. ვებინარის ერთ-ერთი შეხვედრაც სწორედ COVID19-ის მიერ გამოწვეულ ახალი რეალობის გააზრებას ეხება. ონლაინ-ფორმატში ქალები ისევ ერთად მსჯელობენ პრობლემებზე და გამოსავლის ძებნასაც ცდილობენ. „მედია-ცენტრი კახეთი“ ისევ აგრძელებს ურთიერთდახმარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ქსელის მხარდაჭერას.

ზემოთაც დავწერე, მეწარმე ქალთა კლუბის გრძელვადიანი მიზანია, თელავში არსებობდეს ადგილი, სადაც მათ სტაბილურად შეეძლებათ ბაზრობების ორგანიზება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით გარკვეული თანამშრომლობა უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, ქალებისა და ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, ეს საქმე სასიკეთოდ დასრულდება. თუმცა, ამ გრძელვადიან მიზნებამდე, კლუბის წევრები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დაჩქარებულად პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.

კრიზისების დროს ჩვენს საზოგადოებას მართლაც არნახული მობილიზება და სოლიდარობა სჩვევია, COVID19-ის დროსაც სოფლად თუ ქალაქად ცალკეული ადამიანების, მეწარმეების, გლეხების, მარტოხელების თუ ახალგაზრდების დახმარების უამრავი სამოქალაქო ინიციატივის მოწმენი და მონაწილენი გავხდით.  იმედი მაქვს, მალე, კონკრეტული ფორმატების და კამპანიის საშუალებით, მოგვცემა ამ გამრჯე ქალების დახმარების და მათთვის სოლიდარობის გამოვლინების შესაძლებლობა.

რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.