რიკოთის მაგისტრალის მშენებლობიდან 3 მლნ ევროს ეკონომია თბილისის შემოვლითი გზის პროექტირებაზე დაიხარჯება

687

რიკოთი-ზესტაფონის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილი 255 მილიონი ევროდან 3 მილიონი ევრო თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სამუშოებზე დაიხარჯება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში გააკეთა.

“წარმოგიდგენთ ინფორმაციას სასესხო შეთანხმებაში დაგეგმილი ცვლილების თაობაზე. კერძოდ, ეს არის 2018 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამოყოფილია დაახლოებით 255 მლნ ევრო რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით მაგისტრალის მეორე მონაკვეთის, ანუ, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის. აქ არის დანაზოგი, დაახლოებით 3 მლნ ევრო და წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს არსებული დანაზოგის, ამ 3 მლნ ევროს მიმართვას დამატებით ახალი გზის პროექტირებაზე –  ეს არის თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოების დაწყება, ამ ღონისძიებების დაფინანსება. აქ არც საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გვაქვს, არც  ახალი სესხის გამოყოფაა, არის დანაზოგის გამოყენება თბილისის შემოვლითი გზის პროექტირებისთვის,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.