საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

943

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ასოციაციამ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ჩაატარა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის გათვალისწინებასაც შესაბამის უწყებებს სთხოვს.

ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ გომბორის გზის კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გზაზე საპოლიციო კონტროლი სუსტად არის წარმოდგენილი, რის გამოც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა რეაგირების გარეშე რჩება.

გარდა ამისა, უსაფრთხოების არანაირი ზომა არ არის მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე და არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსებული.

მესხიშვილის თქმით, გაუქმებული და განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილდება საავტომობილო გზის უკიდურესად საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე.

საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება რადგან მოძველებულია. იქ სადაც საგზაო მონიშვნა ჯერ კიდევ იკითხება, წყვეტილი ხაზით დახაზულია გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც წესით გასწრება კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს.

საგზაო ნიშნები საერთოდ არ არის განთავსებული გზის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, რაც მძღოლს ტოვებს აუცილებელი ინფორმაციის გარეშე. იქ სადაც განთავსებულია, საგზაო ნიშნები ჩაფლულია ხეებში და არ ჩანს, ან სიძველის გამო ნაკლებად აღქმადია.

ზოგიერთ ადგილზე კი, საგზაო ნიშანი გზის მარცხენა მხარეს არის განთავსებული, ნაცვლად მარჯვენა კიდისა, ასეთ შემთხვევაში საგზაო ნიშანი შეიძლება დარჩეს მძღოლის ყურადღების მიღმა.

მესხიშვილის განმარტებით, გომბორის გზა დიდი მნიშვნელობის მქონეა რადგან ის გურჯაანის გზის განტვირთვას ახდენს.

იგი ასევე განმარტავს, რომ გზა დაუყოვნებლივ საჭიროებს შეკეთებას, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ცხელ მონაკვეთებზე სიტუაციის განსამუხტად კი საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

კვლევის შედეგების მიხედვით ასოციაციამ 12 რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც დეტალურად არის არსებული თითოეული პრობლემა აღწერილი და საუბარია მისი მოგვარების გზებზე.

დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ სწორედ მოუწყობელი ინფრასტრუქტურის გამო ავარიების რაოდენობა გომბორის გზაზე ყოველწლიურად იზრდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოში აცხადებენ, რომ გომბორის გზაზე მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოც ავარიები ხშირად ხდება.

,,გზები პროექტდება და კატეგორიების მიხედვით შენდება. გომბორის გზა არის მეოთხე კატეგორიის, მოძრაობა კი მეორე კატეგორიის შესაბამისია. ვიცით, რომ მოძრაობის ინტენსივობა დიდია.

გზის პარამეტრები კი, მაგალითად სიგანე, არ შეესაბამება ამ ინტენსივობას. გომბორის უღელტეხილზე და მსგავსი კატეგორიის გზაზე ყოველდღე უნდა სარგებლობდეს 1000-მდე მანქანა, აქ კი 7 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს.

შესაბამისად, გზა ამ ინტენსივობის მოძრაობას ვეღარ უძლებს. ინფრასტრუქტურა უკვე მეორეხარისხოვანია როცა ეს პრობლემა დგას. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ’’,– განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის ოფისში.