საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უსახლკარო მოქალაქეების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილ, უსახლკაროთა საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფზე ისაუბრა და USAID-ისა და UNDP-ის წარმომადგენლებს ჯგუფის მუშაობის მიზნები გააცნო.
“საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჩვენ შევქმენით თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მოქალაქეთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ ვითარებას, იმას თუ რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გამოკვეთავს ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს, რისი გამოსწორებაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით, რაც ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობის საკითხი განიხილა.