ზუგდიდის მერიაში არ ასახელებენ, ვინ მოაწყობს პარკირებას ქალაქში

701
ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. კომპანიამ საწყისი ფასის – 200 ათასი ლარის ნაცვლად, ჯამში 12 ათას 300 კვ.მ მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შესაბამისი უფლება 203 ათას ლარად მიიღო. თუმცა სხვა დეტალები, თუ ვინ არის გამარჯვებული, ან სულ რამდენი კომპანია მონაწილეობდა აუქციონში, უცნობია. დოკუმენტაციაც გამარჯვებულზეც ჯერ არ ატვირთულა.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამიტომ კანონის თანახმად, მანამდე კომპანიას გამარჯვებულად ოფიციალურად ვერ დაასახელებენ, და ვერც მის სახელწოდებას გვეტყვიან.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე განმარტავს, რომ ვალდებულების მიხედვით, კონტრაქტის გაფორმება 15 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც კომპანიას გაასაჯაროებენ.

ელექტრონული აუქციონი პარკირების მოსწყობად 22 ივნისს გამოცხადდა. აღნიშნული მიზნით მიწა იჯარის ფორმით, 10 წლის ვადით გაიცემა.

პარკირების ადგილები მოეწყობა კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას, ქუჯის ჩიხში, კოსტავას, მეუნარგიას, კედიას, გამსახურდიას გამზირსა და აღმაშენებლის ქუჩაზე.

ზუგდიდის საკრებულოში პარკირების მოწყობის წესში ცვლილებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა 16 ივნისს გამართულ სხდომაზე. ოპოზიციის მტკიცებით, თავდაპირველი ვარიანტით უნდა შექმნილიყო შპს, რომელიც დაარეგულირებდა აღნიშნულ პრობლემას, თუმცა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პირად ინტერესს და საკითხის ლობირებას ხედავენ.

მათი მოსაზრებები არ გაიზიარეს მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მიკერძოება მაშინ იქნებოდა, როცა ერთ კონკრეტულ პირს მისცემდნენ პრობლემის დარეგულირების უფლებას. დღეს კი უკვე აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.