შეიქმნა პლატფორმა, სადაც ვლადიმერ პუტინისთვის სილის გარტყმაა შესაძლებელი

879

რუსული ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ ლემონდო ჯგუფმა კრეატიული პლატფორმა “summerin.ge” შექმნა , სადაც ვლადიმერ პუტინისთვის სილის გარტყმაა შესაძლებელი.

ვებგვერდი საყოველთაო კამპანიის “Spend Your Summer in Georgia – გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს, საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.

“ძვირფასო მეგობრებო მსოფლიოს გარშემო! ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 80%-ს გთავაზობთ დასასვენებლად. დანარჩენი 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ იქ ჯერ ვერ გიმასპინძლებთ“- ნათქვამია პლატფორმის აღწერაში.

მხოლოდ საქართველოდან ვლადიმერ პუტინს უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაულაწუნა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ხოლო ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოში ტურების დაგეგმვა აეკრძალათ, მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით კამპანია #VisitGeorgia წამოიწყეს.

ფეისბუქ ჯგუფში – “Spend Your Summer in Georgia” უკვე 193 314 ადამიანია გაწევრიანებული. აქ ქართველი მომხარებლები ტურისტებს იწვევენ და რეკომენდაციებს წერენ. ამასთან, ჯგუფში ჩვენს ქვეყანაში უკვე ნამყოფი ტურისტების მიერ გადაღებული ფოტოები და რეკომენდაციებიც იწერება.