აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სალივანმა (Sean O’Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
შეთანხმება 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები.
“პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი, გარემონტება და რეკონსტრუქცია გაუკეთდება ხიდებს, მოხდება გზის სადრენაჟე მილების გარემონტება და რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და, საჭიროებიდან გამომდინარე, გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.