150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც 2018 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა სოფლის განვითარებაში ახალგაზრდა მოქალაქეების როლზე იმსჯელეს.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერობის უნარების განვითარება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა კარგი სადისკუსიო სივრცე სოფლის განვითარების ყველაზე მწვავე საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების განსახილველად. ახალგაზრდებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს არსებული გამოწვევების მიმართ და ერთად განიხილეს დადებითი ცვლილებისათვის საჭირო ნაბიჯები.
ფორუმის მსვლელობაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა სოფლის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების იდეები წამოაყენეს და თითოეული ასეთი ინიციატივისათვის ადვოკატირების კამპანიების გეგმებიც შეიმუშავეს. საერთო კენჭისყრის შედეგად არჩეული ხუთი საუკეთესო ინიციატივის ავტორებმა თავისი იდეები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.
ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ბათუმის განათლებისა და დასაქმების ცენტრთან (BEDEC) თანამშრომლობით. ფორუმის მონაწილეები ჩართულები იყვნენ ევროკავშირის, UNDP-სა და BEDEC-ის საერთო ინიციატივაში „ახალგაზრდობა დადებითი ცვლილებებისთვის“, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა ENPARD ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.