გორის კულტურის განვითარების სააგენტოს 241 თანამშრომელს სამთვიანი ხელშეკრულება ეწურება

700

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 241 თანაშრომელს სამთვიანი ხელშეკრულება 31 აგვისტოს ეწურება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელობა არ პასუხობს კითხვას, თუ რამდენი მათგანი გააგრძელებს მუშაობას. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სექტემბრიდან, სააგენტოში თანამშრომელთა შემცირება იგეგმება, მიზეზად კი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა სახელდება. თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ შვებულებაში გასვლას აიძულებენ.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სულ 471 თანამშრომელია დასაქმებული. აქედან, შტატით გათვალისწინებული პოზიცია 46 მათგანს უკავია. 425 შტატგარეშე თანამშრომლად ითვლება, რომელთაგან 241 – ს ხელშეკრულება აგვისტოს ბოლოს ეწურება.

სააგენტოს სახელფასო ფონდი 1 858 450 ლარია. აქედან, 439 345 ლარი შტატიანი თანამშრომლებისთვის, 1 419 100 ლარი კი შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაა.