ეკომიგრანტების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობები მარტივდება. ბრძანება, რომელიც შესაბამისი ქულების დაგროვების სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოქმედი წესით, ეკომიგრანტისთვისსაცხოვრებლის მისაღებად საჭიროა გარკვეული რაოდენობის ქულა, რის შემდეგაც საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ქულები სხვადასხვა კრიტერიუმით გროვდება. დღემდე არსებული რეგულაციით, მაჩვენებელს 0,5 ქულა ემატებოდა იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებლის მაძიებელი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე იყო და მისი სარეიტინგო ქულა 57 ათასს ან ნაკლებს შეადგენდა. დღეიდან ამოქმედებული ცვლილებების შედეგად კი, 0,5 ქულას უკვე ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასი ან ნაკლებია. დანარჩენ შემთხვევაში კი, ქულების დაანგარიშების პრინციპი უცვლელი რჩება და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, მათ შორის შშმ სტატუსზე, ოჯახში წევრთა რაოდენობაზე და სხვა ფაქტორებზე.
ამასთან, ახალი ბრძანების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ახალი საცხოვრებლის მიღების მსურველს აუცილებელია დაზიანებული საცხოვრებელი დარეგისტრირებული ჰქონდეს. აღნიშნული ვალდებულება აქამდე კანონით არ იყო გათვალისწინებული და საკუთრების მფლობელს სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობების საშუალებით ადგენდა.
ბრძანების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულად – ეკომიგრანტად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია, ან დაზიანებულია, საცხოვრებლად უვარგისია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის მასში მცხოვრებთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას – მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, კოტე რაზმაძის განმარტებით, ქულებთან დაკავშირებული ცვლილება ოჯახების გარკვეულ კატეგორიას საცხოვრებლის მიღებას გაუმარტივებს, რადგან კომისია უპირველესად იმ ოჯახების საკითხს განიხილავს, რომლებსაც ყველაზე მეტი ქულა აქვთ. შესაბამისად, უპირატესობით ისარგებლებენ ოჯახები, რომლებსაც 65 ათასი ან უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულა ერიცხებათ. შეღავათებით დაახლოებით 200 ოჯახი ისარგებლებს.
რაზმაძის ინფორმაციით, საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე განაცხადი, საქართველოს მასშტაბით, 5 ათასამდე ოჯახს აქვს შეტანილი. წელიწადში კი, დაახლოებით 250 ოჯახი კმაყოფილდება.