სენაკის სკოლის ეზოებში მოსწავლეები ბოსტანსა და ხეხილის ბაღებს მოაწყობენ

711

სენაკის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი – საჯარო სკოლებში სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთის დამუშავება იწყება. პროექტის ფარგლებში, სენაკის 6 სკოლაში მოსწავლეები სკოლის ეზოში სხვადასხვა კულტურას მოიყვანენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„თითქმის ყველა სკოლას აქვს ჩვენთან ეზო, რომელიც არის აუთვისებელი, ვგეგმავთ ამ მიწის ნაკვეთების გამოყენებას, დაახლოებით 100, 200 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე უფროსკლასელი მოსწავლეები მოცვის, თხილის, დაფნას, კოლხური ჯონჯოლის მოყვანას აპირებენ, შესაძლებელია მათ ხეხილის ბაღი გააშენონ, ან მეფუტკრეობას მიჰყონ ხელი. პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდობაში სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, აგრარული მეურნეობის გამართვის პრაქტიკული მეთოდებისა და ცოდნის განვითარებით ახალი ტექნოლოგიების და შესაბამისი უნარ-ჩვევების დანერგვაა“, – გვითხრა სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა დარეჯან ზარანდიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სკოლები ამზადებენ განაცხადს, თუ რომელი კულტურის მოყვანას აპირებენ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.

სენაკის სკოლებში საპილოტე პროექტის დონორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). მასში განათლების რესურსცენტრთან ერთად მონაწილეობენ მერიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.