არასამთავრობო ორგნიზაცია Civitas Georgica–ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მესხიძე, droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი რეგიონებში განსაკუთრებით მწავავედ დგას და „იქნება თუ არა სოფელში ბაღი, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივ განვითარებასთან“.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მესხიძე ხელმძღვანელობს, 2007 წლიდან სკოლამდელი განათლების საკითხებზე მუშაობს და, როგორც თავად ამბობს, „ეს არის ის საკითხი, რასაც, საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სოფლის მოსახლეობის ორგანიზება შეუძლია“.
„თავიდან დავიწყეთ მუშაობა დეცენტრალიზაციაზე, რადგან მჯერა, რომ დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს როგორც თავად სოფლის, ასევე, მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარებას და ამის გარეშე პერსპეექტივა არ არსებობს. დავიწყეთ სხვადასხვა მეთოდებით მუშაობა, თუმცა, რაღაც მომენტში დავინახეთ, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის და საჭიროა თემა, რომელიც ხალხს გააერთიანებს. გამომდინარე ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებიდან განათლების მიმართ, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სკოლამდელი განათლება, ანუ საბავშვო ბაღი იქნებოდა ის თემა, რომელიც გააერთიანებდა სოფელს და ასეც მოხდა. ამ წლების განმავლობაში მუშაობამ უკვე იმის შესაძლებლობა და ცოდნა მოგვცა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ უკვე, რა პრობლემატიკა არსებობს და უფრო სიღრმისეულად ჩავედით. თუკი თავიდან ეს თემა გვინდოდა სხვა მიზნისთვის, ახლა თემა გახდა თავად მიზანი,“ – ამბობს გიორგი მესხიძე.
მისმა ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში სკოლამდელი აღზრდის სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა. ამ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე droa.ge გიორგი მესხიძეს ესაუბრა.
– ვიდრე უშუალოდ კვლევის შედეგებზე გადავალთ, რეგიონებში ბაღების ფუნქციონირების სისტემა როგორია და რით განსხვავდება თბილისში არსებული სისტემისგან?
გიორგი მესხიძე: რეგიონებში დღეს არის ყველგან ერთნაირი სისტემა – ეს არის ე.წ. ბაგა-ბაღების გაერთიანებული სისტემა ერთი ა(ა)იპ-ის ფორმით, რომელიც ჩამოყალიბებულია მუნიციპალიტეტის მიერ. მუნიციპალიტეტი მას გადასცემს სრულ თანხას, რაც გათვალისწინებული აქვს სკოლამდელი აღზრდისთვის. რეგიონებში არსებული არც ერთი ბაღი არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ანუ დამოუკიდებელი ერთეული. მათ არ აქვთ არც ანგარიში; არც ერთი ბაღის არც ერთ თანამშრომელს არ ნიშნავს ბაღის დირექტორი, მათ ნიშნავს გაერთიანების ხელმძღვანელი და შესაბამისად, რეალურად, ჩვენ გვაქვს ბაღების 64 გაერთიანება, ოღონდ რას აერთიანებს, როდესაც ბაღები იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. რაც შეეხება თბილისს, აქ ყველა ბაღი არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი და არსებობს არა მათი გაერთიანება, არამედ სააგენტო, რომელიც მათ მართვას ახორციელებს.
– ეს სისტემა რეგიონეში რა პრობლემებს ქმნის და არის თუ არა შესაძლებელი, რომ თბილისის მსგავსი სისტემა გაკეთდეს, ან როგორ უნდა შეიცვალოს?
– ტექნიკურად ამის გაკეთება, რომ იგივე სისტემა იყოს თითოეულ მუნციპალიტეტში, არანაირი პრობლემა არ არის. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ავტორიზაციის სტანდარტი არ არსებობს და ამის მოგვარების გარეშე რეგიონებში სკოლამდელი აღზრდის საკითხი ვერ მოგვარდება. მართალია, ბოლო ათი–თხუთმეტი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ბაღებისთვის, მაგრამ ეს, ძირითადად, კვებას ეხება და აღმზრდელ-პედაგოგთა ხარისხის გასაუმჯობესებლად კარდინალურად არაფერი შეცვლილა. მართვის კუთხითაც არის გადადგმული ნაბიჯები იმიტომ, რომ მაგალითად, კანონით განსაზღვრული ხუთი სტანდარტიდან, სამი სტანდარტი დამტკიცებულია, თუმცა, 2 სტანდარტი ჯერ ისევ არ არის მიღებული, რაც პრობლემას ქმნის. ჯერ კიდევ მისაღებია ინფრასტრუქტურის სტანდარტი და ავტორიზაციის წესი.
2016 წელს მიიღეს კანონი „სკოლამდელი განათლების შესახებ“, რომლის თანახმადაც, მთავრობას 2017 წლის აპრილამდე უნდა დაემტკიცებინა მთელი რიგი სტანდარტებისა, ეს იყო პროგრამული, სანიტარულ–ჰიგიენური თუ აღმზრდელ–პედაგოგის და ა.შ. მათ შორის იყო ინფრასტრუქტურის სტანდარტი და ავტორიზაციის წესიც. აპრილში ვერა, მაგრამ ოქტომბერში დაამტკიცეს ეს სტანდრტები, გარდა ამ ორი სტანდარტისა – ინფრასტრუქტურისა და ავტორიზაციის სტანდარტები დღემდე დამტკიცებული არ არის. ეს კი იმ პრობლემას იწვევს, რომ, თბილისის გარდა, არც ერთი ბაღი იურიდიულად არ არსებობს.
კანონით, რაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, იყო აღიარებული, რომ საბავშვო ბაღი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ, ამავე დროს, არის აღქმა, რომ ეს არის გარკვეული სოციალური დაწესებულება, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ადგილი, სადაც ბავშვი მიხედილია. აქედან გამომდინარე, ეს არ აღიქმება წმინდა საგანმანათლებლო დაწესეულებად. ამიტომ კანონმა თქვა, რომ უნდა მოხდეს ავტორიზება და ავტორიზების წესს დაადგენს მთავრობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბაღის ავტორიზება უნდა მოახდინოს, თუ ის სტანდარტებს შეესაბამება. აბა სტანდარტი რისთვის გვჭირდება? მაგრამ ამას ხელს ის უშლის, რომ ავტორიზაციის წესი დღემდე არ არსებობს.
– რატომ არ იღებენ, რა უშლის ხელს მიღებას?
– ეშინიათ, რომ ბაღები ვერ გაივლიან ავტორიზაციას იმიტომ, რომ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ. მაგალითად, ჯგუფში არ უნდა გვყავდეს 25 ბავშვზე მეტი. დღეს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, სამწუხაროდ, 60-საც კი აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ საგანამანათლებლო პროცესი ვერანაირად ვერ წარიმართება. რაც არ უნდა კვალიფიციური პედაგოგი იყოს, სამოც ბავშვთან ვერაფერს გააკეთებს. ანუ უნდა იყოს მცირე ჯგუფები. ამას კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ეს კი უკვე მეორე – ინფრასტრუქტურის სტანდარტს უკავშირდება. სტანდარტი კი, თავისთავად, მაღალი უნდა იყოს, დაბალ სტანდარტს ხომ ვერ განვსაზღვრავთ? ეს კი უკვე ფინანსებთან არის დაკავშირებული.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ის გაგება, რომ, შესაძლოა, არსებობდეს ფუნქციონალური, ორგანიზაციული და ა.შ. მოწყობით სხვადასხვანაირი ბაღები, ჯერ კიდევ არ არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ ყველგან ყველაფერი ერთნაირი იყოს. ეს კი ძალიან საბჭოთა მენტალობაა, რომელიც უკვე ყველაფერზე ახდენს გავლენას და ცუდ შედეგს ვიღებთ.
გარდა ამისა, ავტორიზაცია რომ გაიარონ, ამისათვის თითოეული ბაღი უნდა იყოს იურიდიული პირი და მან თავად უნდა განახორციელოს ყველაფერი – შესყიდვა, დანიშვნა და ა.შ. დღემდე მუდმივიდ ერთი და იგივე არუმენტი გვესმის, რომ ამის კადრები არ არსებობს.
– გამოსავალი რა არის?
– ჩემი აზრით, არასწორი პასუხია, რომ კადრები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არგუმენტია, მაგრამ არა ძლიერი არგუმენტი, რადგან აქაც სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება შეიძლება, თუ მაინცდამაინც არ გინდა, რომ ყველაფერი ერთ თარგზე მოჭრა. შეიძლება, რომ რამდენიმე ბაღს ჰყავდეს ერთი კადრი, ვინც შესყიდვას განახორციელებს, ორი კადრი სხვა სამუშაოსთვის და ა.შ.
მუნიციპალიტეტებში ბაღების სხვადასხვა რაოდენობაა და ხომ არ შეიძლება, რომ ყველა ერთი წესით იმართებოდეს? მაგალითად, მთის ზოგიერთ სოფელში ბაღში სულ 6-7 ბავშვია და რად უნდა მათ კვებას ელექტრონული ტენდერის გამართვა? როდესაც იმავე სოფელში კოოპერატივს ავითარებ, როდესაც „მთის კანონი“ გაქვს მიღებული და გინდა, რომ წაახალისო, მაგალითად, მეწარმე ამ სოფელში, რატომ უნდა გამოაცხადო ტენდერი, რომელსაც რომელიღაც ნაციონალური კომპანია მოიგებს, რომელიც ამ სოფელში რძეს შეაგროვებს, შემდეგ თბილისში ჩამოიტანს, აქ გააკეთებს ყველს და უკან ამ სოფელში წაიღებს. ცხადია, ეს უფრო ძვირიც ჯდება. მიეცი საშუალება, რომ ყველაფერი იქვე იყოს. რა, თავის ბავშვებს დაწამლავს? უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმი ხომ არსებობს და ადგილზე შეამოწმე, რა პრობლემაა? ამით ხომ ამ კოოპერატივსაც შეეწყობა ხელი, რადგან ადგილზევე ექნება გასაღების ბაზარი. აკრძალვა დანაშაულის პრევენცია არ არის.
ამიტომ, ჩემი აზრით, ბაღებთან დაკავშირებით ის სისტემა უნდა არსებობდეს, რაც სკოლებთან დაკავშირებით არის. ვგულისხმობ ვაუჩერს. მუნიციპალიტეტები თვლიან, რა ჯდება მათთვის, მათ ტერიტორიაზე ერთი ბავშვის მომსახურება და შესაბამის თანხას აძლევენ ბაღს, რომელიც ყველაფერს ახორციელებს. ეს თანხა მიჰყვება ბავშვს. თუ ბავშვი კერძო ბაღში მიდის, ვაუჩერული სისტემა კერძო ბაღზეც უნდა გავრცელდეს. შესაბამისად, კერძოსაც ესმის, რატომ სთხოვენ ავტორიზაციას. ამით ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებიც ჩნდება, რომ მუნიციპალიტეტებში კერძო ბაღები გახსნას და ა.შ.
მე, როგორც მშობელი, დარწმუნებული ვარ, რომ, რადგან სტანდარტიზაცია გაიარა და კერძო ბაღი გახსნა, იქ რაღაც უკეთესიც არის და მიღირს, ამ ვაუჩერს თანხა დავამატო და ისეთ ტვირთად აღარ მაწვეს გადასახადი, როგორც მთლიანი თანხის გადახდის შემთხვევაში და მიმყავს შვილი ამ კერძო ბაღში. ამით ბაღების განტვირთვაც მოხდება, ხარისხიც აიწევს და ბიზნესიც განვითარდება. რაც მთვარია, სახელმწიფოს მეტი თანხა არ ეხარჯება. დღეს კი ეს რეგიონებში შეუძლებელია.ადრე თუ გვიან, აქამდე აუცილებლად მივალთ, მაგრამ რაც ადრე, მით უკეთესი.
– ბაღებში განათლების კომპონენტის მნიშვნელობა ახსენეთ და ეს სისტემა განათლებაზე არსებით გავლენას ახდენს?
– როდესაც ბაღებზე ვლაპარაკობთ, ამოსავალი უნდა იყოს ბავშვის ინტერესი. მეორე, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სკოლამდელი აღზრდა არ არის პროდუქტი და ეს არის სერვისი. მესამე გახლავთ ის, თუ რა ფუნქციის მატარებელია ბაღი და ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის განათლება. შემდეგი არის ის, რომ ამის გაკეთებისთვის აუცილებელი არ არის, ყველაფერი იყოს ცენტრალიზებული და აუცილებლად განათლების სამინისტრო მართავდეს. არა, პირიქით, სკოლებიც კი მუნიციპალურ დონეზე უნდა გადავიდეს. თუ მმართველი ძალა დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ლაპარაკობს, ეს ვერ მოხდება, თუ მუნიციპალიტეტებს მხოლოდ ქუჩების სახელდებისა და სასაფლაობის საკითხის გადაწყვეტის უფლება ექნება. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვემოთ ჩავიდეს იმ საკითხების მართვა, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისთვის. მექნება თუ არა სოფელში საბავშვო ბაღი, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივ განვითარებასთან.
რაც შეეხება უშუალოდ ბაღებში განათლებას, გეტყვით, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვის განვითარებასთან. ბავშვი, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, უფრო მეტად არის მომზადებული სკოლისთვის, ვიდრე ის ბავშვი, ვინც ბაღში არ დადის. სკოლისთვის მომზადება არ ნიშნავს იმას, რომ იცის წერა-კითხვა და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ მას აქვს ის უნარები, რომელიც დაეხმარება სწავლისთვის და მეორე – მასწავლებელმა ბაღში ხელი შეუწყო ამ ბავშვის ინდივიდუალური უნარების განვითარებას. ბავშვს მოსწონს და ხალისით იწყებს სწავლას ბაღში თამაშით და შემდეგ აგრძელებს სკოლაში. ეს არის ამოსავალი პრინციპი. შესაბამისად, ბაღი არის სასკოლო მზაობის ნაწილი, ამიტომ ბავშვის მომზადების ხარისხი პირდაპირ არის დაკავშირებული შემდეგ მის წარმატებებთან.
თუკი ბაღს ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორც შემნახველ საკანს, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, სადაც შვილს „შესანახად“ ჩემოდანივით აბარებდნენ, ცხადია, განათლების კომპონენტი ვარდება. ეს კონცეფცია ცივილიზებულ მსოფლიოში დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და ლაპარაკია იმაზე, რომ საბავშვო ბაღი არის ბავშვის უწყვეტი განათლების საწყისი საფეხური. შესაბამისად, აუცილებელია, რომ განათლების სამინისტრო ბაღთან მიმართებით ახორციელებდეს პროგრამულ, საგანმანათლებლო ზედამხედველობას, მაგრამ არა მართვას, რადგან განათლების სამინისტრომ თბილისში ნამდვილად არ იცის, ოფურჩხეთს უნდა თუ არა ბაღი და აქ რა ტიპის მოწყობის საშუალება არსებობს. ეს თავად მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ოღონდ პროგრამა იმ საერთო მოთხოვნებაში უნდა ჯდებოდეს, რაც ქვეყნას აქვს მიღებული.
– თქვენს კვლევას რომ დავუბრუნდეთ, რა ტენდენცია გამოიკვეთა?
– სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე ნაკლები ფული წიგნებზე, სათამაშოებზე, ფერად ქაღალდებსა და მსგავს ნივთებზე იხარჯება, რაც სწავლების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ფული, ძირითადად, იხარჯება კვებასა და მასწავლებლის ხელფასზე, რომელიც თავისთვად ძალიან მცირეა. კვებას რომ თავი დავანებოთ, რადგან სოციალური საკითხია, რჩება მასწავლებელი. მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან კვალიფიციური და მოტივირებული, რომ, თუკი მას არანაირ საშუალებას არ აძლევ, თავად გააკეთოს მეორადი მასალისგან რაღაცეები. ამისთვის კი მას მაღალი კვალიფიკაციაც უნდა ჰქონდეს და ანაზღაურებაც. დღეს რეგიონებში ბაღის პედაგოგის ანაზღაურება უმდაბლესია და არ ვიცი, კიდევ ვინმეს თუ აქვს ასეთი დაბალი ანაზღაურება. აუცილებელია, რომ მასწავლებლის ანაზღაურება გაიზარდოს. მუნიციპალიტეტს უნდა ესმოდეს, რომ პედაგოგია წამყვანი და მნიშვნელოვანია მისი ანაზღურება და არა ის, რომ რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული.
მეორე – საიდან ექნება კვალიფიკაცია მასწავლებელს, როდესაც ელემენტარულად არ არსებობს სათანადო განათლების მიღების ადგილი. ყველა, რაც არსებობდა, რამდენიმე წლის წინ დაიხურა. კანონმა კარგი რაც გააეკთა, არის ის, რომ შემოიტანა აღმზრდელ-პედაგოგის ცნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ პედაგოგის დარქმევას ვლობირებდით. კარგია ისიც, რომ კანონის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგის ხელფასის მინიმუმი მთავრობამ უნდა დაადგინოს, რომელიც, ალბათ, სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგის ხელფასზე დაბალი არ უნდა იყოს. ცუდი კი ის არის, რომ ეს აღმზრდელ-პედაგოგები არ გვყავს. ადამიანმა აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია რომ მიიღოს, ადგილი არ არსებობს. ახლა მიიღო სამინისტრომ ნორმა, რას უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგი და ჯერ ამ სტატუსის მატარებელი არ გვყავს.
– ვინ უნდა მიიღოს ეს სტატუსი, თუ ამ უნარების მიღების საშუალება არ არსებობს?
– ახლა გაეროს ფონდი მუშაობს იმაზე, რომ 9 უნივერსიტეტში დაინერგოს საბაკალავრო პროგრამები, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგებს მოამზადებს. ათი წლის წინ რაღაც რომ დავშალეთ, ახლა თავიდან გვიწევს იმის დანერგვა. ამასობაში დრო დაიკარგა და როდესაც ბავშვეზე ვლაპარაკობთ, ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, რადგან მიდის დრო და ამ დროს ვერ დააბრუნებ. ამიტომ არის დღეს ასეთი ცუდი შედეგები სკოლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.
ბაღების გაერთიანება მხოლოდ საკვების შესყიდვით არ უნდა იყოს დაკავებული და აქცენტი განათლებასა და პედაგოგებზე უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, ბაღში წიგნი არ იყოს. ბავშვმა წიგნი პირველად სკოლაში ხომ არ უნდა დაინახოს?
2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის ფარგლებში კვლევა ჩავატარეთ, სადაც შეფასდა ბავშვების სამი ჯგუფი – ბავშვები, რომლებიც ბაღებში არ/ვერ დადიან, ბავშვები, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში დადიან და ბავშვები, რომლებიც ბაღებში ვერ დადიოდნენ, მაგრამ იქ ჩვენ ალტერნატიულ ბაღებს ვხსნიდით. სხვა რაღაცეებთან ერთად, მათში მცირე მოტორიკის უნარების შეფასება ხდებოდა ძირითადად ორი ტესტით – ღილის შეკვრა-გახსნა და წიგნის გადაფურცვლა რამდენად შეეძლოთ. აღმოჩნდა, რომ ღილის შეკვრა-გახსნაში ამ სამ ჯგუფში განსხვავება არ იყო, მაგრამ ბავშვებს, ვინც ბაღში არ დადიოდნენ, წიგნის გადაფურცვლა არ შეეძლოთ. მიზეზი ის იყო, რომ სახლში წიგნი არ ჰქონდათ და წიგნთან ურთიერთობა არ იცოდნენ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლება საქართველოში უფასოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი მაინც არ არის. სოფლებში, სადაც რამდენიმე მოსახლეა, სრულფასოვან ბაღს ვერ ააშენებ და ეს უკვე პრობლემაა.
– რა უნდა გაკეთდეს, გამოსავალი რა არის?
– ალტერნატიული ბაღი ძალიან კარგი გამოსავალია. ბავშვის განვითარებისა და სასკოლო მზაობისთვის სულ არ არის აუცილებელი, რომ მთელი დღე იყოს ბაღში. ამისათვის აბსოლუტურად საკმარისია დილის 4 საათი და ჩვენ, 2007 წლიდან, გაეროს ბავშვთა ფონდისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ასეთი მოდელის დანერგვა დავიწყეთ – სოფლებში, სადაც არ იყო ბაღი, ადმინისტრაციული შენობის ერთ ოთახში ვხსნიდით ჯგუფს, სადაც საუზმის შემდეგ ბავშვები მოჰყვადათ, იქ მათთან პედაგოგი მუშაობდა და შემდეგ სადილისთვის უკან მიჰყავდათ. სწორედ ეს მოდელი დაედო საფუძვლად განათლების სამინისტროს „სასკოლო მზაობის პროგრამას“ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთწლიანი პროგრამა გახდება სავალდებულო სკოლაში შესვლამდე, ამისთვის საჭიროა, გამოიყოს თანხები, რადგან ბავშვებში ჩადებული ფული საუკეთესო ინვესტიციაა. ამ წლების განმავლობაში რეგიონებში, სადაც ბაღები არ არის, ასეთი, დაახლოებით, ორასი ცენტრი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ასეთი ალტერნეტიული ფორმების არსებობა კანონმა არ გაითვალისწინა. თუმცა, არც აუკრძალავს. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ მისცეს სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს ალტერნატიული ბაღები. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში მიღებულია ე.წ. „ჯგუფი ტყეში“, რომელსაც არც შენობა აქვს და არც მხოლოდ ჭამაზეა ორიენტირეული და რატომ არ შეიძლება, რომ ეს ჩვენთანაც იყოს?
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ რომ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა არჩევდა, რა პრობლემა მოეგვარებინა, ბაღს არავინ ასახელებდა. 2011 წლიდან დაიწყეს ბაღების მოთხოვნა. ანუ, სხვა ეტაპზე გადავედით. ამიტომ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ერთფეროვნება არ გვინდა. არ შეიძლება, ყველა ბაღი ერთნაირი იყოს. ყველას, მაგალითად, მესტიას, ქობულეთს და დედოფლისწყაროს, ერთი მენიუ ჰქონდეს. კვება უნდა იყოს ადგილობრივი რეალობის გათვალისწინეით, განათლება კი საერთო უნდა იყოს. გაწერილია, როდის რას უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის და, თუკი ამ დროს ვკარგავთ, ის ბავშვისთვის აუნაზღაურებელია. ჩვენმა საზოგადოებამ, თავის დროზე, სწორად ვერ გაიაზრა ბაღის ფუნქცია და წინ სოციალური მნიშვნელობა დააყენა, რაც ცხადია, ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში გასაგებია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი და არსებითი ბავშვის სკოლისთვის მომზადებაა, ანუ სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა.
ძალიან ბევრი პრობლემაა, ეზოებიც კი არაა სათანადოდ მოწყობილი, ყველაფერი ბავშვის შემეცნებაზე უნდა იყოს მიმართული. ეზოებში ქვიშის მოედნებიც კი არაა, რაც ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე – კარგი ბაღის შენობაში რომ შეხვალთ, ორი რამ არ უნდა იყოს – საპირფარეშოების სუნი და სიჩუმე. როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი ბავშვი ჩუმად იყოს? თუ სიჩუმეა, ეს ძალიან დიდ პრობლემაზე მიუთითრებს. ბავშვი 6 წლამდე თამაშით სწავლობს. ოთახებში უნდა იყოს მათი ნამუშევრები, უნდა იყოს ცოცხალი გარემო, მასწავლებელი – კრეატიული; დირექტორი სასწავლო პროცესს უნდა წარმართავდეს, მხოლოდ პურის თუ ხორცის მიღების ქაღალდს კი არ უნდა აწერდეს ხელს. აღმზრდელის თანაშემწე კი თავის პირდაპირ მოვალეობას უნდა ასრულებდეს და არა – დამლაგებლის და ა.შ. ეს არის ის აუცილებელი კომპონენტები, რაც უნდა იყოს და არ არის. თანამედროვე ევროპული შეხედულება არის ის, რომ ყველა, ვისაც ბავშვთან შეხება უწევს, დირექტორით დაწყებული და დარაჯით დამთავრებული, უნდა იყოს „ედუკატორი“, ანუ განმანათლებელი, რადგან ბავშვი მათგან უნდა სწავლობდეს ყველაფერს, იგივე, თუნდაც, კარებზე საკეტი რომ ფუჭდება და ამას ბავშვის თანდასწრებით აკეთებს და უხსნის, რას და რატომ აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.
– რეგიონებისთვის მთავარი პრობლემა რა არის?
– რეგიონებისთვის ყველაზე არსებითი პრობლემა დღესაც კი ბაღის ხელმისაწვდომობაა. დღესაც ძალიან ბევრი სოფელია, სადაც არ არის საავშვო ბაღი. ამ დროს კი მთელი სახელმწიფო, საზოგადოება იმაზე უნდა ფიქრობდეს, როდესაც რაღაც პროექტი ხორციელდება, ასეთი არსებითი საკითხი იქნას გათვალისწინეული. რატომ დავიწყებ იქ, თუნდაც, ბიზნესის კეთებას, სადაც ბაღი და სკოლა არაა? მაშინ ოჯახი სხვაგან უნდა დავტოვო და ეს ვის უღირს? ამიტომ არის, რომ ამ საკითხზეა გადაჯაჭვული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ძალიან ბევრი პრობლემა. ამის შემდეგ უკვე დგება კვალიფიკაციის საკითხი, რაც, ასევე, არსებითია და რაზეც ზემოთაც ვილაპარაკეთ. ეს კი რეგიონებში განსაკუთრებით მწვავეა. რაც მთავარია, საზოგადოების დამოკიდებულება. გასაგებია, რომ დღეს ბევრი ოჯახისთვის ბავშვის კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ ეს არ არის წამყვანი. წამყვანი არის განათლება. რაც შეიძლება, ბევრმა მშობელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ შვილს, რა ისწავლა და არა ის, რა ჭამა საბავშვო ბაღში.