National Geographic-ი ჩხოროწყუში წარმოებული ყველით და ღვინით დაინტერესდა

944

ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მიხეილ ცირდავას ოჯახს უძველესი რეცეპტით დამზადებული მეგრული ყველისა და ღვინის დასაგემოვნებლად National Geographic-ის ჟურნალისტი, დევიდ ფარლი ესტუმრა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ახალგაზრდა მეღვინემ სტუმრებისთვის სახლედახელოდ გაწყობილი სუფრისთვის განსხვავებული ყველი წარადგინა – მეგრული სულგუნი ნადუღის გულსართით და პიტნიანი როლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც არის დევიდ ფარლი, ვუამბეთ ჩვენი მივიწყებული ტრადიციების და კულტურის შესახებ. ამ გასტრონომიული პროდუქტის დემონსტრირება კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს მაღალ კულტურას“, – თქვა მიხეილ ცირდავამ.

ის უკვე რამდენიმე წელია იშვიათი მეგრული ჯიშების, „კოლოშის“ და “ჭვიტილურის“ ღვინოს აყენებს, პარალელურად კი უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველის მომზადების ტრადიცია აღადგინა.

მეგრული ყველის დასაგემოვნებლად უცხოელი ჟურნალისტი მუხურში ნინო ტურაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხშირად ჩამოჰყავს საქართველოში ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, რომ მათ სხვა კუთხით დაანახოს საქართველო, რომ მათ გავაცნოთ არა მხოლოდ ისტორია, არამედ კულინარიაც, რათა შემდეგ, როცა ისინი დაბრუნდებიან, დაწერონ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამჯერად ჩამოსულია National Geographic -ის ჟურნალისტი, რომელიც წერს ბი ბი სის, ნიუ იორკ თაიმსითვის. ასევე ის არის მწერალი და წერს სამზარეულოზე. ამჯერად რაჭაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მიშა ცირდავას სახლში მეგრული გუდის ყველის დასაგემოვნებლად მოვიდა და ამას ბონუსად არაჩვეულებრივი ღვინოც მოჰყვა“, – თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ტურაშვილმა.

დევიდ ფარლი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. გასულ წელს, მან საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ხაჭაპურის შესახებ დაწერა.

„იმიტომაც ვბრუნდები აქ. სულ მინდა, რომ ჩამოვიდე, რადგან აქ ვხვდები ძალიან საინტერესო, სტუმართმოყვარე ხალხს, რომლებთანაც ვზივარ, ვსადილობ, ვსაუბრობ, რაც ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია“, -თქვა ჟურნალისტმა.