სერიალის – „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“ – პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა

1085

როგორ გამოიყურებოდა საქართველოს სახლები და ქალაქები უძველეს დროს? ითვალისწინებდნენ თუ არა გარემოსა და კლიმატს ჩვენი წინაპრები საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას? როგორ ვითარდებოდა საქართველოს არქიტექტურა და ყოველდღიური ცხოვრების წესი კლიმატის ცვლილებასთან ერთად?

ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის, თომა ჩაგელიშვილის, ახალი სერიალი „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“ წარსულში გამოგზაურებთ, რათა თანამედროვეობის გამოწვევები უკეთ გაიაზროთ. სერიალის ოთხი ფილმი თბილისს, მესხეთ-ჯავახეთს, სვანეთსა და ხევსურეთს ეძღვნება.

დოკუმენტური სერიალის მიზანია ენერგოეფექტური მშენებლობის მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა.

სერიალი შეიქმნა „ტვ ფილმ სტუდიოს“ მიერ,  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამისა (GEF SGP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 და    ჟურნალი National Geographic – საქართველო.

დოკუმენტური სერიალის პირველი ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ პრემიერა 2018 წლის 7 ივნისს გაიმართა. ჩვენება შედგა მე-17 საუკუნის ერთადერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში დღემდე შემორჩა – ფორაქიშვილების დარბაზში, რომელიც ქალაქის ძველ უბანში, სასტუმროს „კოპალა“ ეზოში მდებარეობს.

ფილმის პრემიერას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), თბილისის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის რეჟისორთან, თომა ჩაგელიშვილთან ერთად, სტუმრებს სიტყვით მიმართეს მუნხტუია ალთანგერელმა – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, და ნინო თხილავამ – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა.

ფილმის ჩვენებას მოჰყვა დისკუსია კლიმატის ცვლილების გამოწვევებისა და ურბანული გარემოს განვითარების  შესახებ.