კვირიკაშვილი: გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი

640

გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა. ის უპასუხებს მსოფლიოში არსებულ ტრენდს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია „ეკოზაინთან“ ერთად განახორციელა, კურორტ გუდაურის გეგმაზომიერად განვითარების საშუალებას იძლევა.

„მოგეხსენებათ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას და განსაკუთრებით ჩვენს ზამთრის კურორტებს. საჭიროა, იქ იყოს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზოლები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ა.შ. კურორტის განვითარების სტიქიურად მიშვება მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით არასწორ შედეგს მოგვცემს.

ვფიქრობ, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია „ეკოზაინთან“ ერთად განახორციელა, საშუალებას გვაძლევს, გეგმაზომიერად განვავითაროთ გუდაურის უმნიშვნელოვანესი კურორტი.

გუდაური სამ ტერიტორიად იყოფა. პირველი – ცენტრალური გუდაური, მეორე – ახალი გუდაური, რომელიც კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი იქნება. საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მესამე – ეს არის კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გუდაურის სათხილამურო არეალთან წვდომას გააუმჯობესებს. ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს კლიმატური პირობების მიუხედავად, საშუალება ექნებათ, გონდოლის საშუალებით, ძალიან მარტივად მოხვდნენ სასრიალო სივრცეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ საბაგირო გონდოლას დიდი ამწეობა ექნება და მისი მშენებლობა წელს დაიწყება. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ჩრდილოეთის ფერდობზე ტრასების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პრემიერის თქმით, ჩრდილოეთის ფერდობს მზის მიდგომის კუთხით თოვლის შენარჩუნების გაცილებით ხანგრძლივი პოტენციალი აქვს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მისთვის ზამთრის კურორტების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.