გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თაობაზე „რიოს კონვენციების“ (გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (UNCBD), „გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC), „გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის“ (UNCCD)) განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირების მნიშვნელობაზე.
უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანია უზრუნველჰყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესების წინაპირობაა.
პროექტი „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას.
სამინისტროს ცნობით, მიზნის მისაღწევად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”, თბილისსა და რეგიონებში- სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიმდინარეობს.