შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ასრულებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 1000 ჰექტარი მიწის ფართობი.
უწყების განცხადებით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ტრაქტორით 50 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრში 186 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.