ქუთაისის მერიამ კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. უწყების ცნობით, ქუთაისი საქართველოს პირველი ქალაქი გახდა, სადაც კორუფციას ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინოვაციური მეთოდით გაუმკლავდებიან.
ქუთაისის მერიის ცნობით, ანტიკორუფციული საქმიანობა წარიმართება ინოვაციური მოდელის – Islands of Integrity – გამოყენებით, რომლის შემუშავებაშიც ქალაქს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება.
ანტიკორუფციული მეთოდოლოგია Islands of Integrity განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისათვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და საორგანიზაციო სისტემებში კორუფციის შესაძლებლობების გამოვლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას.
ანტიკორუფციულ სტრატეგიას ხელი ქალაქის მერმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მოაწერეს.