ოქსფორდის უნივერსიტეტის სათემო განვითარების ჟურნალმა საქართველოში თემის თვითორგანიზების გამოცდილების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

1176

ოქსფორდის უნივერსიტეტის სათემო განვითარების ჟურნალმა საქართველოში თემის თვითორგანიზების გამოცდილების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მისი ავტორები სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ანა მარგველაშვილი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი არიან.

“სტატია შეეხება 1921 წლამდე, ანუ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში თვითმოქმედების, თვითმმართველობისა და სასოფლო ინიციატივების გამოცდილებას, აგრეთვე, სათემო ინიციატივებისა და განვითარების დღეს არსებულ პრობლემებს. სტატიას საფუძვლად დაედო 2015-2016 წლებში ჩატარებული კვლევა “ინიციატივა ცვლილებებისათვის”, რომლის ფარგლებშიც 20 კონკრეტული მაგალითის შესწავლა მოხდა. საერთაშორისო თემატურ ჟურნალში გამოქვეყნება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს გამოცდილება, თვითმმართველობის ტრადიცია სხვა ქვეყნებში აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა, პრაქტიკოსებმა და მეცნიერებაც შეიტყონ”, – უთხრა droa.ge-ს ანა მარგველაშვილმა.

ამავე ავტორების სტატია – “თემის თვითორგანიზების გამოცდილება საქართველოში – ისტორიული რაკურსი და თანამედროვე გამოწვევები” droa.ge-ზე 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის სათემო განვითარების ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია სწორედ ამ სტატიის შემოკლებული ვერსიაა.