ქუთაისში სანიაღვრე არხის უხარისხო მოწყობის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს

714

ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალური სერვისების” საქმეს, რომელიც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის უხარისხო მოწყობას შეეხება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

“გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ბრალდებული პირი ჯერჯერობით არ არსებობს”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, ქუთაისის რაიონულ პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

როგორც ირკვევა, “სპეციალურმა სერვისებმა”, რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ააიპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გაგუა ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა.

გამოცემის ცნობით, გელა გაგუა სავარაუდოდ აშშ-შია.