მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

691

ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

პროგრამის დეტალები და მნიშვნელობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

„ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. აქ გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ასევე, იშვიათი ჯიშები: ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა ქართლის, ჭროღა და სხვა. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია ისეთი უცხოური ჯიშებიც, როგორებიცაა ალიგოტე, პინო შავი, თეთრი და სხვა.

ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს, პროგრამის ეტაპი კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონებში დასრულდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.