ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხს ხმაური მოჰყვა

316

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხს ხმაური მოჰყვა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა კომახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად არ არსებობს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა, რასაც “ქართული ოცნების” მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სპორტ კომპლექსის მშენებლობა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, სხვა პროექტებთან ერთად განუხორციელებელი დარჩება.

“ჩვენ კარგად გვახსოვს “ქართული ოცნების” დაპირებული პროექტები, როგორ შედგა”, – აცხადებს ლაშა კომახიძე

ქობულეთის საკრებულომ აჭარის მთავრობას სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 7000 კვადრატი მიწის ნაკვეთი გადასცა.

როგორც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი აცხადებს, ოპოზიცია პერფორმანსებს ყოველდღიურად მართავს და მათ ქობულეთის განვითარება არ სურთ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა სპორტული კომპლექსი გაკეთდეს, მათთვის ჯანსაღი ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი და წინააღმდეგი არიან ქობულეთის განვითარების”,- აცხადებს დავით მჭედლიშვილი.

ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან ერთად კიდევ 4 საკითხს უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.