საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია ტარდება. ღონისძიება ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებინ.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
“ევროპის საბჭოს რეგიონული კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას გავუსვამთ ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე მსჯელობენ. ღონისძიების დასასრულს დისკუსია მოეწყობა, სადაც ახალგაზრდული საკრებულოს წევრები საკუთარი მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარადგენენ თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს მერის პოზიციაზე და რა რჩევის მიცემა შეუძლიათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები, და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა.
წყარო: ინტერპრესნიუსი