გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე უფასო იქნება

819

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ პირველ დეკემბრამდე იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა

მისი თქმით, მოქალაქეების აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაბალია და ამ დროისთვის მხოლოდ 95 ათასამდე დოზა არის გამოყენებული.

“ჩვენ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება და გრიპის ამცრელმა ყველა დაწესებულებამ იცის, რომ შეზღუდული დროის განმავლობაში, პირველ დეკემბრამდე ნებისმიერი მოქალაქე უნდა აცრან გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო ვაქცინით. შევხედავთ როგორი იქნება მოქალაქეების აქტივობა და ამის შემდეგ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, გარკვეული მარაგი ინახება ორსულებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულების აცრა და მარაგიც იქნება. დანარჩენ რისკ ჯგუფებს შევხედავთ როგორ იქნება ხარჯვა ამ 10 დღის განმავლობაში”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გრიპის ვაქცინის გაკეთება ექვსი თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. სახელმწიფომ 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა შეისყიდა, ამ ეტაპზე დარჩენილია 105 000 დოზა.