ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისობის დღესასწაულზე განახლებული აღმაშენებელი მოინახულეს

596

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს – ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს – ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისთვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ.

საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილეო – 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ეწვივნენ.