ფინანსთა მინისტრის მოადგილე: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” სესხის თანადაფინანსების პროცენტი შემცირდება

401

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროგრამა “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მოცულობა შემცირდება. მისი თქმით, თუკი ამჟამად პროგრამის ბენეფიციარებს საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირებას (9.5%) პლიუს 3%-ით, ანუ ჯამში 12.5%-ით უფინანსდებათ, მომავალში ეს ფორმულა შეიცვლება. კაკაურიძის თქმით, განახლებული ფორმულით პროექტის მონაწილეები უფრო მცირე ზომის სუბსიდიას მიიღებენ.

ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შედის და მისი მთლიანი ბიუჯეტი გაიზრდება, ხოლო დაფარვის არეალი კი გაფართოვდება.

მინისტრის მოადგილის მიერ დაანონსებულ ცვლილებას ადასტურებენ თავად ეკონომიკის სამინისტროში. სსიპ “აწარმოე საქართველოში” BMG-ის განუმარტეს, რომ ამჟამად ამ ცვლილებების ახალ დადგენილებაში ასახვისთვის მიმდინარეობს მუშაობა.

“დღეს თუ იყო “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსება უდრის რეფინანსირებას პლუს რაღაც კონკრეტული პროცენტი, ახლა პირიქით არის და რეფინანსირებას მინუს პროცენტს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ლარში აიღონ სწორი საპროცენტო განაკვეთით სესხი. დღეს თუნდაც 12%-იანი სუბსიდირება არ მიმაჩნია სწორად, რადგან ბაზარზე შესაძლებელია 12%-13%-ად სესხის აღება და რეალური საპროცენტო განაკვეთი თუ არის 6%, მაშინ 6%-იანი სესხი უნდა აიღოს მეწარმემ და არა 0%-იანი. თუმცა კრიზისის პერიოდში, როდესაც საერთოდ სესხის აღება არ ხდებოდა და ინვესტიცია ფაქტიურად გაჩერდა, ამ პერიოდში სტიმული შეიძლება სწორი იყოს. ეს ახალი პროგრამა არის პირდაპირ ბანკზე მიბმული და რეალურ საპროცენტო განაკვეთზე მიბმული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამას ბევრად მეტი ბენეფიციარი ეყოლება. თითოეულ ბენეფიციარზე შეიძლება ნაკლები სუბსიდია იყოს, მაგრამ ის უფრო მეტ ბიზნესზე იქნება განაწილებული. ჩემი აზრით, შემდეგ წელს უკვე შეგვეძლება ამ შედეგებზე საუბარი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება მეწარმოების ხელშეწყობის პროგრამებისთვის 55 მილიონი ლარით, 357 მილიონ ლარამდე იზრდება.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე გიორგი კაკაურიძემ ისიც განაცხადა, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” სხვა ცვლილებებიც შედის და მის ფარგლებში ბიზნესებს უშუალოდ სააგენტოსთან უფრო ნაკლები შეხება მოუწევთ და ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მიღება სრულად ბანკის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

“პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ემატება თანხა, რადგანაც ხდება ამ პროგრამის ახლებურად ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც იქნება უნივერსალური პროგრამა, სადაც კლიენტსა და “აწარმოეს” შეხება იქნება ნულამდე დაყვანილი, გარდა იმ შემთხვევისა თუ გრანტის კომპონენტი არ არის და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო არ არის. ბანკი როდესაც კლიენტს დაუმტკიცებს სესხს, იქ 95% შემთხვევაში ხელშეკრულებაც აღარ ფორმდება სსიპ-სა და კლიენტს შორის, შესაბამისად მთლიანად ბანკის ხელშეკრულებაზეა დაფინანსება დაფუძნებული,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.