ცხოველთა ვაქცინაცია-იდენტიფიკაცია ზემო იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

706

ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში – საჩხერეში, ჭიათურასა და ზესტაფონში მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

გამონაკლისია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სადაც ვეტერინართა ჯგუფები ვერ შედგა. აქ ადგილობრივი კერძო ვეტერინარები მცირე რაოდენობით არიან, ხოლო ვინც არიან ისინიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

ვეტერინართა თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ხარაგაული-ძირულა-ჩუმათელეთის ავარიული საავტომობილო გზა. კერძო ვეტერინარები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და არ სურთ რთულად სავალ გზებზე მგზავრობა. გარდა ამისა, გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ხარაგაულში ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ ახლა დღის წესრიგში ყველაზე მწვავედ ძაღლებისა და კატების ცოფზე ვაქცინაციის საკითხი დგას.

„ხარაგაულში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასიური ვაქცინაცია საჭირო არ არის. ხარაგაულში თურქულის დაავადება დიდი ხანია არ აღმოჩენილა. ბოლო სამი წელია არ დაფიქსირებულა ინფექციური დაავადება მოდულარული დერმატიტი.

გასულ წელს სოფელ ჩრდილში ჯილეხი დადასტურდა. ვეტერინართა ჯგუფები სულ რომ არ შედგეს, პირადად მე უნდა განვახორციელო ცხოველთა ვაქცინირება ივლისის შუა რიცხვებიდან. ჯილეხის კერა 4 სოფელს მოიცავს: ჩრდილი, ზვარე, დეისი და ნუნისი.

ცოფის აცრას რაც შეეხება, თუ სპეციალისტები ავიყვანეთ, ივნისის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ პროცესს. თუ არა, მაშინ გარკვეული რაოდენობით შემოვიტან ერთდოზიან ვაქცინებს, რომლითაც საშუალება მექნება მოსახლეობის მხრიდან ცხოველის ადგილზე მოყვანით, აცრა ინდივიდუალურად განვახორციელო. ამ პროცესშიც პირადად მე ჩავერთვები. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, სურსათის ეროვნული სააგენტო აგზავნის ხოლმე მობილურ ჯგუფებს“, – ამბობს ავთო ვეფხვაძე.

კერძო ვეტერინართა ჯგუფების დაკომპლექტება გაუჭირდათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ზესტაფონში ზურაბ მუმლაძე ამბობს, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

„შტატგარეშე თანამშრომლები ბევრი არ გვყავს და ცხოველთა ვაქცინაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რთულად მიმდინარეობს. სულ 2 ჯგუფია, მაშინ როდესაც 5 და 6 გვყავდა ხოლმე. ადგილობრივი ვეტერინარები აღარ არიან. ცოფზე აცრამ ყველა დასახლებული პუნქტი უნდა მოიცვას.

ჯილეხის, ბრუცელოზისა და მსგავსი დაავადებების შემთხვევაში იმისდა მიხედვით ჩატარდება ვაქცინაცია, სადაც ისინი დაფიქსირებულა. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ჯილეხზე ავცრით როდინაულში, ძირულაში, მარტოთუბანში, დილიკაურში, ქალაქ ზესტაფონსა და კვალითში“, – აღნიშნავს ზურაბ მუმლაძე.

„საჩხერეში ვაქცინაცია კარგი ტემპით მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ბრუცელოზსა და თურქულზე აცრა. ახლა მსხვილფეხა პირუტყვს მოდულარულ დერმატიტსა და ცოფზე ვცრით. არც ერთ ცხოველს არ დავტოვებთ ვაქცინაციის გარეშე“, – ამბობს  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი საჩხერეში მარინა მაჭარაშვილი.

ჭიათურაში უკვე ერთი თვეა ვაქცინაციის პროცესს კერძო ვეტერინართა სამი ჯგუფი აწარმოებს. ჯგუფში ექვსი სპეციალისტია. გასულ წლებში ჯგუფების რაოდენობა შედარებით მეტი იყო. იმ შემთხვევაში, თუ პატრონი ვერ იჭერს ცხოველს, ვეტერინარები სპეციალური დამჭერის საშუალებით აკეთებენ აცრას, ხოლო თუ ცხოველი სახლში არ არის, მაგალითად სანადიროდ ჰყავს პატრონს, მაშინ მასთან ვეტერინარები ინდივიდუალურად მივლენ.

„ჭიათურაში ბრუცელოზზე დაბალი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იცრება, რომელიც 5 წლის განმავლობაში აღარ ექვემდებარება ვაქცინაციას. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში გაკეთდება 4500-5000 ცხოველის ვაქცინაცია-იდენტიფიკაცია, – აღნიშნავს  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ჭიათურაში ხათუნა გურგენიძე, – ჯილეხს რაც შეეხება, ამ დაავადებაზე ცხოველებს ვცრით კერების მიხედვით. ამ დროისთვის ჭიათურაში ასეთი ოთხი სოფელია: ქვაციხე, თაბაგრები, ზედა რგანი და სარქველეთუბანი.

მოდულარულ დერმატიტზე აცრა მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. წლიურად ცოფზე 5000-მდე ცხოველს ვცრით. თავად მოსახლეობაა მობილიზებული, ხელს გვიწყობენ – ზოგჯერ საკუთარ ძაღლს ან კატას კომერციული ვაქცინით თავად უცრიან“.