ლაშა გეგეჭკორი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა 4 რეგიონული კონცეპტუალური პროექტის თანაავტორია, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაში დახმარებას სთხოვს. ღია წერილს Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“მოგეხსენებათ,რომ კახეთში და შიდა ქართლში აშენდა და აღჭურვის ეტაპზეა მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი/კატა) რეგიონული/ინტერმუნიციპალური თავშესაფრები (პოპულაციის მართვის ცენტრი) მზად არის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ანალოგიური ცენტრების სამშენებლო პროექტები. პანდემიის გამო ამ რეგიონებში ვერ იგეგმება შემდეგი ნაბიჯები.
მინდა გაცნობოთ, რომ სიტუაცია არის წარმოუდგენლად მძიმე, პოპულაციის უმართავობის გამო მათი რაოდენობა ათასობით, კი არა, ათიათასობით არის გაზრდილი. ამით, კი გაზრდილია დაკბენების და ცოფის გავრცელების რისკი
დამეთანხმებით, უმძიმესი სანახავია გზებზე, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ათასობით მიუსაფარი და მშიერი, ავადმყოფი ძაღლი. საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველთა უფლებების დაცვას, ეს გარემოება ჩამოსული ტურისტების თვალში მკვეთრად სწევს დაბლა ქვეყნის იმიჯს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამით, 2030 წელს მსოფლიოში არ უნდა იყოს ცოფის გავრცელების არც ერთი შემთხვევა.
ჩაატარეთ გამოკითხვა მოსახლეობაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსახლეობიდან შემოსული წერილების რევიზია და დარწმუნდებით – ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი, საწრაფოდ გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხი.
მიუსაფარ ცხოველთა მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რომელიც ტარდება ასეთ ცენტრებში.
ასევე მოგახსენებთ, ევროასოცირების ხელშეკრულების შესაბამის მუხლზე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი.
ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა გამოიყოს შესაბამისი თანხები.
დავძლევთ პანდემიას, ამ პრობლემას კი შეიძლება ვეღარ მოვერიოთ.
ჯანსაღი ცხოველი-ჯანსაღი გარემო,ჯანსაღი ადამიანი, ჰარმონიული თანაცხოვრებაა”, – ვკითხულობთ ღია წერილში.