ხვიჩია: ჩვენ შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი – კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან

313

ჩვენ შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ- ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად დაუჭერს მხარს ნიკა მელიას, თუ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება, ხვიჩია პასუხობს, რომ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესია გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მელიასთან.

“ჯერ ამაზე არ გვიფიქრია, შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენ სამიდან არავინ იყოს. თქვენ იცით, ჩვენ სპეციფიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ისინი ჩვენზე გაბუტულები არიან, ამიტომ ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან მხარს რომელს დავუჭერ, ეს არ არის სერიოზული.

ჩვენ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესი გვაქვა გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მასთან, ეს პროცესი სად მიგვიყვანს კაციშვილმა არ იცის. ახლა მსგავსი ნიშნები არ ჩანს – ჩვენ რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს იმისგან, რასაც მხარდაჭერა და საერთო კანდიდატის წარდგენა ჰქვია, მაგრამ ეს ურთიერთობები სად მივა რამდენიმე თვეში, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენ ამ წუთას უფრო ვემზადებით საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის და გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში, ყველგან გვყავდეს სათანადო წარმომადგენელი,”- განაცხადა ხვიჩიამ.