რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5-კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება. მისივე თქმით, ეს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობის პროცესის გარდამტეხი ფაზის პირველი შედეგია.
„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაო მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაო 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისთვის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადება და მონტაჟი.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.