რუსთავის ცენტრალურ პარკში,საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი – მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი – ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი – მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში წარადგინა. პარკში შეკრებილ საზოგადოებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე მიესალმა, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავს, როგორც ფესტივალის მასპინძელს, განსაკუთრებული მისია დაეკისრა, რაც დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.
გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საზაფხულო კინო-თეატრის სცენაზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილების ანსამბლი, იოანე არაბული, „ჯგუფი 33ა“ და ნაიზ დიასამიძე იღებდნენ.
ღონისძიებას სხვა მიწევულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომლის ორგანიზატორებიც UNDP, IDFI და რუსთავის მერიაა. ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა პარკში მდებარე ღია კინო-თეატრის შენობის კედლები ორიგინალური კომპოზიციებით მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად თემებზე: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა მოხატეს.
ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, ასევე გაიმართა შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იყო კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე.