ხმალაძე: პარკირების პოლიტიკის მიზანია მოქალაქეები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ

275

გვინდა მოვახერხოთ, რომ ადამიანი, რომელსაც მანქანა ჰყავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ. პარკირების პოლიტიკის მიზანიც სწორედ ეს არის, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

„მცხოვრებლებისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება არის სრულიად უფასო. ამიტომაც დარეგისტრირდება მოქალაქე და დაარეგისტრირებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე. იქ რა ფასიც არ უდნა დაადოს მუნიციპალიტეტმა პარკირებას, მოქალაქე მაინც უფასოდ გააჩერებს მანქანას. როდესაც დასჭირდება ისეთ ადგილზე წასვლა სადაც უფასო რეჟიმი არ გაქვთ. აუცილებლად დაფიქრდება, რამდენად უღირს გადაიხადოს პარკირების საფასური. ეს საბედნიეროდ შედეგიანი გამოდგა. 2019 წლის აგვისტოდან დავიწყეთ საათობრივი პარკირების ამუშავება, პირველი იყო კოტე აფხაზის ქუჩა და შემდეგ გადავედით სხვა არეალებზე. ჩვენი ინსპექტორები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას ინფორმაციას აწვდიან, ეხმარებიან აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, უხსნიან რა არის საფასური და როგორ უნდა გადაიხადონ ის. შედეგის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან კარგი ტრენდი, ადგილებზე სადაც ფასიანი რეჟიმია შემოღებული, მოთხოვნა შემცირებულია. ეს ხელსაყრელია მიმდებარე მცხოვრებლებისთვის, რომ საკუთარი ავტომობილები უფასოდ დააპარკინგონ“, – განაცხადა ხმალაძემ.​