თელავის ტექნოპარკში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

513

16 აპრილს 14 საათზე თელავის ტექნოპარკში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ახალგაზრდას, რომელიც 18-დან 30 წლამდეა და სურს გახდეს მეწარმე.

“ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ პროფესიონალების გამოცდილება, გაიმარჯვონ და განახორციელონ საკუთარი იდეები. ისინი მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს”, – განმარტავენ ორგანიზატორები.

პროექტი ხორციელდება გაერო-ს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

“SIA (SOCIAL IMPACT AWARD) არის სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა, რომელიც 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში.

პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი”, – ამბობენ ორგანიზატორები.