იმერეთის რეგიონში განხორციელებული და გაერო-ს განვითარების პროგრამის ეგიდით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით კი, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში დამატებით რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება.
“ადგილობრივი დევნილი თემისთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების სოციალურ, ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება”- აღნიშნა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ.
ამასთან, მუნიციპალიტეტის ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს ჰუმანიტარული პროდუქტი ჩაუტანეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.