ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსია წარადგინეს

940

ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსია წარადგინეს.

️„ქუთაისის მუნიციპალიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან. დღეს სწორედ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გვქონდა. მათი მხარდაჭერით ჩვენ განვაახლეთ ქუთაისის ოფიციალური ვებგვერდი, რომელსაც დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთაგან გამოვყოფდი ინტერაქტიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ.

️ეს რუკა საშუალებას მოგვცემს აქტიურად ვითანამშრომლოთ ჩვენს მოქალაქეებთან. UNDP-თან თანამშრომლობას სხვა პროექტებზეც ვაგრძელებთ”, – განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტეის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

️საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა ვებგვერდის ახალ ინსტრუმენტზე-ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც მოსახლეობის ხელისუფლებასთან აქტიური ინტერაქციის მიზნით შეიქმნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, რუკაზე აისახება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ. აქვე შესაძლებელი იქნება მოქალაქეებმა შესაბამის ველში ატვირთონ მათ მიერ ქალაქში შენიშნული სხვადასხვა პრობლემის ფოტო და მოკლე აღწერილობა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. მათივე ცნობით, ინტერაქტიული რუკა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.

️შეხვედრის დასასრულს UNDP-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიას, ვებგვერდის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.

ვებგვერდი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა.