თბილისში საცობებთან გასამკლავებლად ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება

710

თბილისის მერია ქალაქში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნების მუშაობა მოხდეს შესაბამისად, სწორად. ზოგადად ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს და განსაზღვრავს ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ არის საცობი, მუშაობს ისე, რომ გამტარუნარიანობა  გააადვილოს, რათა საცობები არ შეიქმნას.  ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული სისტემურად და ჩვენც გვინდა ანალოგიური გადმოვიტანოთ ქალაქში. ამაზე ჩემი მოადგილე მაია ბითაძე დიდი ხანია მუშაობს და უახლოეს მომავალში, ეს პროგრამების სახით გვექნება შესყიდული და ვფიქრობ, ძალიან წაადგება ჩვენს ქალაქს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ტრანსპორტის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, შუქნიშნების მოწესრიგება და ახალი სისტემის შექმნა ერთიანობაში შექმნის საშუალებას, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, მოძრობა გადანაწილდეს და დალაგდეს ისე, რომ პრობლემა არ შეიქმნას.