კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას ხმაურის კონტროლის გამკაცრება დაავალა

881

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ინსპექციას ხმაურის კონტროლის გამკაცრება დაავალა.

“ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, რომლის საფუძველზეც რეგულირდება ხმაური, განსაკუთრებით საცხოვრებელ ზონებში და დაწესდა მაქსიმალური ლიმიტები, თუ რამდენი დეციბელით არის დასაშვები ხმაური. ამ ყველაფრის მოწესრიგება მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა. სამწუხაროდ დღეს, თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის, განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას მინდა დავავალო, რომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ეს ყველაფერი მოწესრიგებული და დარეგულირებული იყოს. ჩვენ არავის ვერჩით, კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკოკლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ მისამართებზე ხდება, მიუღებელია.

გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, აწეული აქვთ ბოლო ხმაზე და ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას. არაკომფორტულია ადამიანი მიხვიდე, დაჯდე და ელემენტარულად ისაუბრო. არსად მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის. ამიტომ დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა.

სერიოზული პრობლემა ექმნება სასტუმრო ბიზნესს. “გუგლის“ რუკაზე გაჩნდა წითელი არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ არეალებში არ არის რეკომენდირებული დარჩენა. ეს პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციები განახორციელა ამ უბნებში, სასტუმროები გააკეთა. ყველაფერი უნდა მოექცეს წესრიგში და კანონის ფარგლებში”,- განაცხადა კალაძემ.