კალაძე: წითელ ჯვართან ერთად გადავამზადებთ მოხალისეებს, დავეხმარებით მოხუცებს

1324

შემდეგი სტატია

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას და ორგანიზაცია წითელ ჯვარს შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის მიხედვითაც გადამზადდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობის სურვილი აქვთ. კალაძის თქმით, მოსახლისეობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია. მოხალისეები მერიასთან ერთად ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან.

“ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიას და წითელ ჯვარს შორის ფორმდება მემორანდუმი. ბოლო დღეებში იმატა მოხალოსეობის მსურველთა რაოდენობამ. მოხდება მათი გადამზადება, რომ ამ პროცესებში მოხალისეების ჩართულობის თავლსაზრისით ვიყოთ უსაფრთხოდ. უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზეც. დღეს ფორმდება მემორანდუმი და ჩვენ მათ გადავამზადებთ”, – თქვა კალაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ მოხალისეებს, რომლებმაც 24 საათში ფეისბუქ ჯგუფით 55 ათასი ლარი შეაგროვეს და 600-მდე მოხუცი საკვებით და მედიკამენტებით მოამარაგეს.

„დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები, ოთხი მარიამი, რომლებმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“ და მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში შეძლეს თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანისთვის შეეძინათ პროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანურია, როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება. მინდა, ამ ლამაზ გოგონებს, ასევე თითოეული ზარის ავტორს, თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი გაიღო სხვათა დასახმარებლად, ვუთხრა გულითადი მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული.

„ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ. პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 72 22 22.

ასევე, უკვე არსებობს 2 500-მდე ხანდაზმულის სია, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობა მუშაობს სიების დაზუსტებაზე და ჩვენ უყურადღებოდ არცერთ ხანდაზმულ მოქალაქეს არ დავტოვებთ. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ასევე, ექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყვნენ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანონ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.