“ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი” – პროექტი, რომლითაც თელავში ჭავჭვაძის ქუჩის ისტორიას შეისწავლიან

3218

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

თელავში ახალი პროექტის, “ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი”, განხორციელება დაიწყო. მიზანი ისტორიული სახლებითა და დიდი ისტორიით სავსე ერთი უბნის, მაწანწარას, და კერძოდ – ჭავჭავაძის ქუჩის ისტორიის შესწავლა, განვითარება ოჯახების დონეზე და მისი ტურისტულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვაა. პროექტის ფარგლებში, კარდაკარის პრინციპით მოხდება შინამეურნეობების შესაძლებლობების კვლევა. ასევე, მოხდება ჭავჭავაძის ქუჩის ისტორიის კვლევა და ალტერნატიული, ისტორიული ტურის განვითარება.

პროექტს “სათემო განვითარების ცენტრი” ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება ქუჩის განვითარების პოტენციალის კვლევა. პროექტის პარტნიორია მედია-ცენტრი კახეთი.

როგორ და რატომ გაჩნდა ამ ერთი ქუჩის გაცოცხლების იდეა? როგორია დღეს ჭავჭავაძის ქუჩა და როგორი იქნება ხვალ? – ამ თემაზე droa.ge-სთან “სათემო განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ანა მარგველაშვილი საუბრობს.

ანა მარგველაშვილი: პროექტის სახელწოდებაა „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“. ასე დავარქვით, იმიტომ, რომ ჯერ არის ქუჩა და დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა მის მიმართ და მერე ამ ქუჩის ადგილი ქალაქში და ზოგადად მთელი ქალაქი. ჭავჭავაძის ქუჩა ძველი ქუჩაა, დახუნძლული ძველი, ისტორიული სახლებით. ამ ქუჩაზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სახლებს ბევრი საინტერესო ამბავი უკავშირდება და ჩვენ, პირველ რიგში, ამ ამბების წინ წამოწევა, გაგება და ქუჩის მეხსიერების კვლევა გვინდა, იმისათვის, რომ ალტერნატიული საგანმანათლებლო, შემეცნებითი მარშრუტი განვითარდეს.

ამიტომ, ახლა, პირველ რიგში, ვაკეთებთ ისტორიული მეხსიერების კვლევას. ამ კომპონენტში ჩართულია ადგილობრივი ისტორიკოსი, მკვლევარი, თელავის უნივერსიტეტის პროფესორი.

ძალიან საინტერესოა ის, რაც კვლევისას გამოიკვეთა – ამ ქუჩის სახელოსნო ისტორიული წარსული. ეს იყო ხელოსნების, ფარდულების და სახელოსნოების ქუჩა. მგონი, არ არსებობს ხელობა, რომელსაც აქ ვერ ნახავდით –   კერამიკა, მეკირეობა, ტყავის გამოყვანა, მეწაღეობა, თევზის ბადეებსაც კი კერავდნენ აქ და თან ეს ყველაფერი ქუჩაზე იყო გამოტანილი სახლებისა და სახელოსნოების წინ. ჩვენ ჯერ ამ ისტორიული კვლევის შუა პროცესში ვართ.

მიზანი ქუჩის ტურისტული კუთხით განვითარებაა?

– ტურისტული კუთხითაც, კი. ის რუკა, ის მეგზური და ის ტური, რაც საბოლოოდ შემუშავდება, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ტურისტული პროდუქტი. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მარტო ტურიზმზე არ ვფიქრობთ. პროექტის კიდევ ერთი კომპონენტი არის სოციოლოგიური კვლევა, რომელიც კარდაკარის პრინციპით იკვლევს შინამეურნეობის განვითარების პოტენციალს. ანუ, რაიმე ხელობა ხომ არ არის შემორჩენილი, აქვთ თუ არა მარანი. ოჯახში რამეს ხო არ აწარმოებენ, რამე ხო არ იციან განსაკუთრებული, რაც შეიძლება აღორძინდეს, ან უფრო სტრუქტუირებული სახე მიეცეს და ა.შ.

უშუალოდ კვლევის პროცესი, როდესაც ადამიანებთან მიდიხარ, ეკითხები, ის იხსენებს, გიყვება, გიზიარებს – აი, ეს პროცესი სათემო, სამეზობლო თვითორგანიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა მგონია. ეს არის გახსნა, გახსენება, გაზიარების საშუალების მიცემა, რომ თავისი ოჯახის ისტორია მოგიყვეს და ა.შ. იყო შემთხვევები, როდესაც პირველ მისვლაზე დაძაბულები იყვნენ, კარგად ვერ იხსენებდნენ, შემდეგ თვითონ გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ: ფოტოები ვიპოვეთ, კიდევ რაღაც გამახსენდა და მინდა მოგიყვეთო …

გრძელვადიან პერსპექტივაში, უკვე მომავალ წელს და შემდეგ წელს გვინდა, ამ ადამიანებთან, მეზობლებთან, ამ სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ოჯახებს, რომლებსაც თანამშრომლობის სურვილი ექნებათ – ვთქვათ, პატარა სტარტაპ გრანტის, მციმე მეწარმეობის პროექტის დაწერაში, ამ კუთხით კონსულტაციებით და ტრენინგებით და ა.შ.  თუმცა, ეს სამომავლო ეტაპია.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ, რის საშუალებას გვაძლევს ეს უბანი განვითარების მხრივ. განვითარება შეიძლება იყოს ტურისტული და არა მარტო.

სურვილია, ძველი ხელოსნების ქუჩა ისევ გააცოცხლოთ?

– ცხადია, ხელოვნურად არა. ამიტომ, ახლა ცოტა მიჭირს იმის თქმა, რა იქნება, კვლევა ჯერ შუა პროცესშია და ზუსტად არ ვიცით, რა მიმართულებები გამოჩნდება. როგორც გითხარით, აქ ისტორიული სახლებია. მაგალითად, ამ სახლების დიდ ნაწილს აქვს უნიკალური მარანი, ძალიან ძველი, რომელიც შეიძლება ტურისტული კუთხით იყოს საინტერესო მაგ. იქ საოჯახო მარნის, ან სხვადასხვა მომსახურების განვითარების მხრივ. ამ ქუჩაზე ცხოვრობს ხის და რკინის არაჩვეულებრივი ოსტატი, იუველირი, რომელიც ამზადებს როგორც საიუველირო ნივთებს, ისე ხის მშვენიერ ნივთებს და ქართულ ტრადიციულ იარაღს, ხანჯლებს, ხმლებს. შესაძლებელია, რომ მისი სახელოსნო განვითარდეს და იყოს როგორც სანახაობა, ასევე, სხვა თაობისთვის ხელობის გადაცემა მოხდეს. ეს ყველაფერი ჯერ ღია საკითხებია, რომელსაც მომავალში გვინდა, რომ კონკრეტული სახე მივცეთ, რა თქმა უნდა, უშუალოდ აქ მცხოვრები ადამიანის ჩართულობით.

დღეს რა ხდება ამ ქუჩაზე?

– არაფერი ხდება. ახლა ჩნდება სიცოცხლის ნიშან-წყალი, თითქოს. სახლის პატრონებმა უფრო შეავლეს ხელი შენობებს. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი კულტურული ძეგლია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძეგლების გადარჩენა, თუმცა, ეს ცალკე პრობლემაა, რომელიც არ მინდა, ახლა გავშალო.

ეს ქუჩა ტურისტებისთვის საინტერესო ადგილს არ წარმოადგენს?

– არა, და არა იმიტომ, რომ საინტერესო არ არის, ძალიან საინტერესოა. იმიტომ, რომ ბუნებრივად ტურისტული განვითარება ცენტრში მოხდა. იქ არის კაფეები, ყველაფერი იქ არის, ბატონის ციხის გარშემო. ეს ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს. ბატონის ციხე არის თელავში მთავარი და მის გარშემო ხდება განვითარება, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ უბნის მკვიდრებს, გვინდა, ვთქვათ ჩვენი სიტყვა საერთო პროცესებში და ვფიქრობთ, რომ ქუჩას აქვს ძალიან საინტერესო პოტენციალი.

თუკი ამდენი ისტორიული ძეგლია, მისი რეაბილიტაცია არ იგეგმება?

– როგორც ჩვენთვის ცნობილია, თელავის მუნიციპალიტეტი მუშაობს გენგეგმაზე. ეს ძალიან ფართო მონაწილეობითი პროცესი იყო, მოქალაქეების ჩართულობით დიდი ხანი მიმდინარეობდა.  ქალაქი აპირებს, ეს გენგეგმა უახლოეს მომავალში დაამტკიცოს და ცხადია, გენგეგმა ჭავჭავაძის ქუჩასაც შეეხება და შესაძლებელია, უახლოეს წლებში რეაბილიტაციაზეც იყოს საუბარი, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

როდის უნდა დამტკიცდეს თელავის გენგეგმა? რადგან ამ დოკუმენტითაც გამოჩნდება, როგორი ხედვა აქვს თელავის მერიას ჭავჭავაძის ქუჩის განვითარებაზე.

– როგორც ვიცი, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება დამტკიცება. ამ დოკუმენტზე, ბოლო 2 წელია, უწყვეტად მუშაობენ და უკვე დამტკიცებისკენ მიდის.

როგორ გაჩნდა ამ ქუჩის გაცოცხლების იდეა?

– მე წარმოვადგენ ორგანიზაციას „სათემო განვითარების ცენტრი“, რომელიც 2010 წლიდან, ძირითადად, კახეთის რეგიონში მუშაობს სხვადასხვა სათემო განვითარებს საკითხებზე. შარშან გადავწყვიტეთ, თელავში გაგვეხსნა ოფისი და ბინა აქ, ჭავჭავაძის ქუჩაზე დავიდეთ. ჩვენს მეზობლად, ასევე, არის არასამთავრობო ორგანიზაცია – “მედიაცენტრი კახეთი” და “კახეთის რეგიონული ჰაბი”, რომელთანაც დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ. ამავე შენობაშია ადგილობრივი გამოცემა “კახეთის ხმა” და მასთანაც „სათემო განვითარების ცენტრს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთხელ, ასე საუბრისას ვთქვით, რომ მეზობლები ვართ და რა საინტერესო იქნებოდა რაღაც კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელიც დაგვანახებდა, როგორ შეიძლება ეს ქუჩა უფრო ცოცხალი გახდეს, უფრო განვითარდეს, უფრო მეტად ჩაერთოს საქალაქო განვითარების პროცესებში. ჭავჭავაძის ქუჩა საკმაოდ გრძელი ქუჩაა, ჩვენ აღებული გვაქვს მხოლოდ ერთი მონაკვეთი, ეს არის განაპირა მხარეს, როდესაც გომბორიდან, ვარდისუბნის მხრიდან შევდივართ თელავში. რადგან თელავში ძირითადი ამბები ცენტრში ხდება და ეს ქუჩა თითქოს რაღაცნაირად  მოწყვეტილია. ამიტომ გვინდოდა, ამ უბნის პოტენციალი დაგვენახა.

მე, როგორც სათემო განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს, მაინტერესებდა, რამდენად არის შესაძლებელია პატარა ქალაქში სამეზობლო ინიციატივების, სამეზობლო თვითორგანიზების განვითარება. ამ საკითხით მედიაცენტრიც  დაინტერესდა. ასე გაჩნდა ეს იდეა. ანუ, ორმა მეზობელმა ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნება, უფრო მეტად გავიგოთ, ჩვენ გარშემო განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს. პირველი ეტაპი ეს არის. წელს კვლევით კომპონენტს განვახორციელებთ.

ზოგადად, ჩვენი ხედვით, ეს პროცესი გრძელვადიანია, რომელიც იწყება კვლევით, რომ გავიგოთ, რა ხდება და შემდეგ კვლევაზე უნდა დაშენდეს რეკომენდაციები, კონკრეტული პროექტები და ა.შ. იმიტომ, რომ სათემო განვითარება და სათემო თვითორგანიზება არის საკმაოდ ხანგრძლივვადიანი პროცესი. ჩვენც ასე ვუყურებთ ამ საკითხებს.

რამდენად არის თელავი ტურისტებისთვის საინტერესო?

– თავად მე ტურისტულ ბიზნესში ჩართული არ ვარ, თუმცა, რასაც ვუყურებ, გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე საკმაოდ ბევრი ხალხია აქ. ჩემი ნაცნობები, ღვინის მარნები, გარშემო პატარა სასტუმროები ტურისტებს არასდროს უჩიოდნენ. თელავი სატახტო ქალაქია, მარტო ხედი რად ღირს?! თვითონ ქალაქს აბსოლუტურად შენარჩუნებული აქვს თავისი უნიკალური არქიტექტურა და განაშენიანების სტრუქტურა… ვიცით, საქართველოში ბევრ ქალაქს რა დაემართა და თელავი ამ მხრივ ძალიან კარგი გამონაკლისია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც დარჩება და თელაველები დაიცავენ  საკუთარ ქალაქს ქაოსური გენგეგმის პროცესიც სწორედ აქეთკენ მიდის და ძალიან კარგი იქნება… ცხადია, წელს არ არიან ტურისტები პანდემიის გამო, თუმცა, შიდა ტურიზი მაინც გარკვეულწილად არის.

თვითმმართველობასთან კომუნიკაცია თუ გქონდათ, იქნება თუ არა ჩართული თელავის მერია და თუკი იქნება, რა ფორმით?

– ამ ეტაპზე გვქონდა საინფორმაციო შეხვედრები. მივაწოდეთ ინფორმაცია, და ვფიქრობ იდეა ყველას მოეწონა. ჩვენ აქ ვთანამშრომლობთ ინტერმუნიციპალურ ორგანიზაციასთან  – DMO Visit Kakheti-თან, რომელიც კახეთში ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობს. თელავის ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც არის დაინტერესება და მხარდაჭერა, თუმცა, კონკრეტული თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ გვაქვს, იმიტომ, რომ კვლევითი ეტაპია და ჯერ შედეგებს ველოდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, უკვე ხელშესახები რეკომენდაციები როცა იქნება, იგივე რეაბილიტაციის პროცესში, შეიძლება საინტერესო თანამშრომლობა შედგეს.