დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება

1202

ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მერია ბიუჯეტის 4 მილიონით გაზრდით წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

”ოპოზიციას 3 წელზე მეტია ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო ცვლილებების დროს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ გვერდნახევრიან საბიუჯეტო ცვლილებებში ისინი ვერ გაერკვნენ, რასთან გვაქვს საქმე. ჯამურად ჩვენ იმაზე მეტს არ დავხარჯავთ, ვიდრე ეს იყო წინა წელს, ასე რომ, ეს ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის”, – განაცხადა ნარმანია.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება და ეს დაკავშირებულია ადმინისტრაციული მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შემოსავლების ზრდით. ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს თანხა სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე გადანაწილდება. პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრა საბავშვო ბაღების დაფინანსების გაზრდა მათი სხვადასხვა სახის ხარჯების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსდება, რომლებიც წლის ბოლომდე თანხის დამატებას საჭიროებდნენ.

თბილისის საკრებულო 4 მილიონი ლარით თბილისის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი