7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება

1460

7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შემდეგ კი, მომდევნო ეტაპი დაიწყება. 

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და გვინდა, რომ ეს გამზირი მთლიანად იყოს მოწესრიგებული. 7 მარტიდან გადავდივართ სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპზე. კერძოდ, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილი 400-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე კი, სადაც სამუშაოები აქამდე მიმდინარეობდა, ქვედა ფენები უკვე  მოწყობილია. დარჩენილია ბორდიურის მოწყობა და რამდენიმე დღეში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, აღნიშნულ სამუშაოებსაც ძალიან მალე დავასრულებთ. აქაც იმავე ტიპის სამუშაოები იქნება წარმოებული, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება და ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეოთხე ეტაპის სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები და გაზსადენი, ამის შემდეგ კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. 

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.