კალაძის განკარგულებით, ამიერიდან ტაქსების “ბამპერიც” თეთრი ფერის უნდა იყოს

89

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსის ბამპერებიც თეთრი უნდა იყოს. შესაბამისი ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში საკრებულომ 8 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.

საკრებულოს დადგენილებაში წერია, რომ მანქანის ყველა დეტალი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა.

23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ პრობლემად მიაჩნია, როცა ტაქსი არ არის მთლიანად თეთრი ფერის და ვიცე სპიკერს, ირაკლი ხმალაძეს ამ საკითხის მოგვარება დაავალა.

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, ბამპერები არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი​ და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული”,- თქვა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის რეგულაციებით, რომელიც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა, ტაქსი მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს.