ალექსანდრე ელისაშვილი – მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ანგარიშს ჩავაბარებ მხოლოდ ხალხს, ყოველთვის, როცა იქნება ამის საჭიროება

881

ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე ამომრჩეველს საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად  წარუდგინა.

ელისაშვილის თქმით, ის ხალხისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, იზრუნებს თბილისზე და დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებზე  და დედაქალქის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებს.

„ მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. მე ვაპირებ ანგარიში გაბაროთ  მხოლოდ თქვენ,  ყოველთვის, როცა იქნება საჭიროება – ყოველ საღამოს და სამუშაო დღის ბოლოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქალაქის ისეთად გადაქცევა, სადაც ცხოვრება იქნება სასიამოვნო, კომფორტული და მოხერხებული – ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს ქალაქს, რომელსაც ერთად შევქმნით “, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მერობის დამოუკიდებლმა კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იზრუნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველასათვის ხელმისაწვდომობაზე და გამართულობაზე, საცოხვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მოვლა –  პატრონობაზე და ამ ყველაფერს ხალხთან ერთად, მათთან შეთანხმებით, ყოველგვარი შუამავლების გარეშე გააკეთებს.

ალექსანდრე ელისაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ  მას  ხელისუფლებაზე გამარჯვების გამოცდილება უკვე აქვს  და გამოთქვა იმედი, რომ როგორც 2003 და 2012 წლებში შეიცვალა ხელისუფლება, ისევე შეიცვლება დედაქალაქის ხელისუფლება 2017 წლის ოქტომბერშიც.

„ ბევრს დაავიწყდა, რომ 3 წლის წინ თბილისის ერთ რაიონში, საბურთალოზე, მე და ჩემმა ამომრჩევლებმა ერთად დავამარცხეთ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, ასე, რომ, მე ვიცი ხალხთან ერთად როგორ მივაღწიო გამარჯვებას,“ – განაცხადა  ელისაშვილმა მხარდამჭერებთან საუბრისას. .
ელისაშვილის თქმით,  გადამწყვეტი ძალა ხალხს აქვს და არა დიდ ფულს და ძალადობრივ მეთოდებს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კენჭი ეყარა თბილისის მერის არჩევნებში და ხალხთან ერთად შეეცალა ხელისუფლება.

„ მე გადავწყვიტე, ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ბევრი მიჩიჩინებდა ამ ხნის განმავლობაში, არაფერი გამოვა, რომ არჩევნების ბედს წყვეტს დიდი ფული, ძალადობრივი სტრუქტურები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ისე იქნება, როგორც გადაწყვეტს ხალხი. არავის ჰგონია, რომ ყველაზე დიდი ძალა არის ხალხი, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ძალა გვაქვს ჩვენ და ხანდახან ყელში ამოგვდის ხოლმე ძალადობა ხელისუფლების, გაზულუქებული ჩინოვნიკების თავნებობა და აი მაშინ ვცვლით ხოლმე ხელისუფლებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ის  წლების განმავლობაში კეთილსინდისიერი სპეციალისტებისგან იღებდა რჩევებს და სწორედ ისინი არიან მისი გუნდის წევრებიც. „ბევრი ლაპარაკობს, თითქოს მე არ მყავს გუნდი  მაგრამ ასე არ არის – ჩემი გუნდის წევრები არიან კვალიფიციური და სინდისიერი ურბანისტები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საგზაო ინჟინრები, ტრანსპორტის სპეციალისტები და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ამ ხალხთან ერთად ვმართავ და განვავითარებ დედაქალაქს. – განაცხადა ელისაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნოდ პარტიების დაფინანსებაზეც და აღნიშნა, რომ ბიზნესის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი ვერ იქნება.
„ჩემთან დაკავშირებით კიდევ იმას ამბობენ ხოლმე, რომ დიდი ფული არ მიმაგრებს ზურგს და რომ არც ერთი ბიზნესი არ მიჭერს მხარს. კარგად დავაკვირდეთ, რას შვრება ხოლმე ეს ბიზნესის მხარდაჭერა. წინასაარჩევნოდ გეხმარება, სამაგიეროდ გაიძულებს თვალი დახუჭო ცუდად დაგებულ გზებზე; გაიძულებს გააჩანაგებინო სკვერები, პარკები და სტადიონები; მოაგებინო ტენდერები; გაიძულებს, რომ საშინელი, მახინჯი კორპუსების მშენებლობის ნებართვას მოაწერო ხელი იმიტომ, რომ ვალში ხარ მათთან. ასეთი დიდი ბიზნესისგან მე ვარ დამოუკიდებელი“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.