ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

1145

ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, “ISUZU”-ს მარკის  ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. 8 მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით, მეტროსადგურ  ისნამდე გადაიყვანს.

თბილისის საკრებულოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის მიმდინარეობდა.

თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში ახალი ავტობუსები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე დაინიშნა.

მისივე განმარტებით, ძველი ავტობუსების თანამედროვე სტანდარტების  ავტობუსებით ჩანაცვლება მოსახლეობის უსაფრთხო და  კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც  გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ხაზებზე ავტობუსების  დამატება  კვლავაც გაგრძელდება, რაც სამომავლოდ მოლოდინის რეჟიმს საგრძნობლად შეამცირებს.

„მე როგორც ამ რაიონის მაჟორიტარს აქტიური შეხვედრები მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებასაც გვთხოვდნენ გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი იყო. დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს და  მიხარია, რომ  მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან  აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ორხევის მოსახლეობასაც მოემსახურება. თბილისის მთავრობა მოსახლეობის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს ძველი ავტობუსების, ახლით  ჩანაცვლების პროცესი. უახლოეს დღეებში სიახლე ლილოს დასახლებასაც შეეხება. ახალი ავტობუსებით, სამგორის რაიონის მოსახლეობა გადაადგილებას გაცილებით კომფორტულად შეძლებს, “ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერიამ ახალი, 8 მეტრიანი ავტობუსები მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული ავტობუსები სულ 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ISUZU-ს მარკის ავტობუსი  სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდეცირების და ვენტილაციის,  საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა და  usb-დამტენები.