ტურისტებს, რომლებსაც ღამით ვენეციაში დარჩენა არ სურთ, ქალაქის მოსაკრებელს გადაახდევინებენ

139

2020 წლის ზაფხულიდან საერთაშორისო მოგზაურების ნაწილისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. კერძოდ, ტურისტები, რომლებიც იტალიის ქალაქში ღამით დარჩენას არ აპირებენ, ქალაქის მოსაკრებლის სახით, 3 ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის ივლისიდან შედის.

ვენეცია უკვე დიდი ხანია ტურისტების უზარმაზარ ნაკადს სხვადასხვა მექანიზმით “ებრძვის”. ერთდღიანი ტურისტების და ხომალდებით ჩასული ვიზიტორებისათვის საფასურის დაწესება რამდენიმე თვის წინ დაანონსეს; საკითხი მაშინ გადაიდო, თუმცა ახლა როგორც ადგილობრიივი მედია ქალაქის მერიაზე დაყრდნობით წერს, კანონი საბოლოოდ დამტკიცდა.

“ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ფულადი სახსრების შეგროვებით”,  – განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნნარომ წლის დასაწყისში.

როგორც მან აღნიშნა, ისტორიული ქალაქის შენარჩუნება და სისუფთავე საკმაოდ ძვირი ჯდება და ახალი მოსაკრებლის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

”ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რა რთულია ასეთი განსაკუთრებული ადგილის მართვა”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ტურიზმი შემოსავლის, ფაქტობრივად, ერთადერთი და ძირითადი წყაროა, ვენეცია უკვე წლებია ტურისტების დიდ ნაკადს “ებრძვის”.