თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

73

წინა სტატია

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

“წლიდან წლამდე იზრდება ფესტივალის ფარგლებში ტურისტული მიმართულებით ვიზიტორების რაოდენობაც. წარმოდგენილი უცხოური და ქართული პროგრამის გარდა, ფესტივალს დაემატა ღია წარმოდგენები, მათ შორისა, თბილისობის ფარგლებში “მუარე”, რომელიც არაჩვეულებრივი საჰაერო შოუა როკ მუსიკის თანხლებით” – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. წელს დედაქალაქი უკვე მე-11 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

“2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება, კერძოდ, ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ-მარკეტი; ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია.

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბერის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალზე საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. 3 სპექტაკლი გაიმართება პროგრამა NEW-ს ფარგლებში, რომელზეც წარმოდგენილნი იქნებიან იტალია, უკრაინა და ბელარუსი.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი – მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი), რომელიც არის აკრობატების საჰაერო შოუ, როკ-მუსიკის თანხლებით. შოუზე დასწრება თავისუფალია.

ქართული სპექტაკლების პროგრამა 2-6 ოქტომბერს გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება 26 სპექტაკლი და 5 პრემიერა, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. ასევე, ნაჩვენები იქნება კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული 11 სპექტაკლი.

ქართული სპექტაკლების პროგრამის და არტ მარკეტის ფარგლებში დედაქალაქს 95 საერთაშორისო სტუმარი ეწვევა არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ესტონეთიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

10 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა 170 კომპანიას იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, კორეიდან, ლიეტუვადან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ტაივანიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან უმასპინძლა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.