მუხიანში “რადიოქალაქის” პროექტზე გამოცხადებული აუქციონი დასრულდა

642

წინა სტატია

მუხიანში “რადიოქალაქის” პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი დასრულდა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 323 169 ლარია.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი თანდართული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით.

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ამასთან, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – 800 000 (რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობა. წარდგენის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.