ცქიტიშვილი: საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2020 წელს ეტაპობრივად დასრულდება

4023

წინა სტატია

“მიმდინარეობს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს ეტაპობრივად დასრულდება. ამის შედეგად თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები როგორც საჩხერის, ისე ონის მუნიციპალიტეტების მხრიდან მიმდინარეობს. ახალი გზა, დაახლოებით, 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. ის საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, ის შეუერთდება ამბროლაური-ონის არსებულ გზას, რომელიც ონიდან 5 კილომეტრით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე, მიმდინარეობს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ახმეტის გზის მშენებლობა 9 მონაკვეთზე. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლამდე დასრულდება.

ცქიტიშვილმა რაჭა-ლეჩხუმის დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. “ამ გზის ღირებულება საკმაოდ მაღალია – დაახლოებით, 800 მლნ ლარია და ახლა ექსპერტები ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ეს ხარჯთაღრიცხვა სინამდვილეს. ეს არის 47-კილომეტრიანი მონაკვეთი 9-კილომეტრიანი გვირაბით და აქაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, ანუ დონორის მოძიება, რომელიც დაგვეხმარება ამ პროექტის დაფინანსებაში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენტეხი-მესტიის არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2022 წელს დასრულდება; ასევე, მიმდინარეობს მესტია-უშგული-ლასდილის მიმართულებით 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაც, რომლის დამთავრებასაც 2020 წელს ვარაუდობენ და კალა-უშგულის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც, ასევე, 2020 წელს უნდა დასრულდეს.