პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა

135

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი…

Posted by მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze on ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

“ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერმინისტრს.

დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ. ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა. მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, – წერს ბახტაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს.

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებულმა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს. მინისტრთა კაბინეტს კი, ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ. 

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.