თბილისის მერია უახლოეს დღეებში 200 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

702

თბილისის მერია უახლოეს დღეებში 200 ვტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტამბულიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, 200 ავტობუსიდან 100 გაზზე მომუშავე, ხოლო 100 ელექტროავტობუსი იქნება.

“მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შესყიდვაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. დაახლოებით, 200 ერთეულზე, საიდანაც 100 იქნება გაზზე მომუშავე CNG და 100 იქნება ელექტროავტობუსი. ელექტროავობუსებზე ველოდებით დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გამოვაცხადოთ შესყიდვა ელექტროავტობუსებზე. არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ამ ავტობუსების აკომულატორი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი დამუხტვის სისტემა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში ინტრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე სტამბოლში ISUZU-ს იმ ქარხანაში იმყოფება, სადაც საქართველში გამოსაგზავნად 8-მეტრიან ავტობუსებს ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხელი მოეწერა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულებას. პროექტის ბიუჯეტი 64 790 000 ლარს შეადგენს. 8-მეტრიანი ავტობუსები ადაფტირებულია შშმ პირებისთვის და 53 მგზავრზეა გათვლილი

ავტობუსში განთავსებული იქნება wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე, usb-დამტენები.

კალაძის ინფორმაციით, ავტობუსების შემოყავანა თბილისში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება MAN-ის ტიპის ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქის მერიას შესყიდული აქვს, ისინი თბილისში აგვისტოს ბოლოს შემოვა.